მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს ნიდერლანდური Royal Swingels-ი, რომელიც Georgia Capital-ის პარტნიორი გახდა?

Royal Swinkels

“საქართველოს კაპიტალმა”, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი $63 მილიონად გაყიდა. ამ შემთხვევაში, საუბარია "გლობალ ბიერ ჯორჯიაზე", რომელიც საქართველოში "ყაზბეგის" ლუდისა და ლიმონათის ბრენდების, ასევე "აისის", "შავი ლომის", საქართველოში Heineken-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. "გლობალ ბიერ ჯორჯიას" ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 86 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგებამ 4.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ქართული კომპანიის ლუდის და დისტრიბუციის ბიზნესი ნიდერლანდურმა Royal Swinkels-მა შეიძინა. ტრანზაქცია ერთობლივი კომპანიის მეშვეობით შედგება, რომელიც ნიდერლანდებში დარეგისტრირდება. Dutch Holdco-ში “საქართველოს კაპიტალი” მინორიტარ აქციონერად დარჩება და 20%-იან წილს მიიღებს, ხოლო კომპანიის დარჩენილი ნაწილის მესაკუთრე ნიდერლანდური Royal Swinkels-ი იქნება. გარიგება Royal Swinkels-ის მიერ "გლობალ ბიერ ჯორჯიაში" დარჩენილი 20%-იანი წილის გამოსყიდვასაც ითვალისწინებს.

Royal Swinkels Family Brewers-ი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ლუდსახარშია, რომელიც ჯერ კიდევ 1680 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის ისტორია ეიდჰოვენთან ახლოს, სოფელ ლიეშუტში იწყება, სადაც დირკ ვერეიკენმა პირველი ლუდსახარში დააფუძნა, რაც იმდროინდელი დოკუმენტებით დასტურდება. მომდევნო სამი თაობის დროს, ლუდსახარში დირკ ვერეიკენის ქალიშვილების ხაზით გადადიოდა, ხოლო კომპანიას ვან მურსელის და მურესების ოჯახები მართავდნენ. 1764 წელს, ბრიჯიტა მურესი ამბროსიუს სვინკელსზე დაქორწინდა და 1773 წლიდან კომპანიის მართვის სადავეები სწორედ სვინკელსებმა გადაიბარეს და ეს დღემდეც ასეა.

ნიდერლანდური კომპანია ლუდის რამდენიმე ბრენდს ფლობს, რომელთა შორის ყველაზე მეტად Bavaria არის ცნობილი. Bavaria-სთან ერთად, Royal Swinkels-ის პორტფელში Palm-ის, Rodenbach-ის და La Trappe-ის ბრენდებსაც ვხვდებით.

დღეს, კომპანია ლუდს, ალაოს და უალკოჰოლო სასმელებს აწარმოებს. Royal Swinkels-ი რვა ლუდსახარშს ფლობს, რომლებიც ნიდერლანდებში, ბელგიაში, ეთიოპიასა და კუბაზე მდებარეობს. გასულ წელს, ნიდერლანდურმა კომპანიამ 7 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა, რომლის 12% უალკოჰოლო და ალკოჰოლის დაბალი შემცველობის ლუდია. ამასთან, კომპანია ალაოს დიდი მწარმოებელიცაა და ამ პროდუქტს იყენებს, როგორც საკუთარი წარმოებისთვის, ასევე ექსპორტისთვის, რომელიც სამხრეთ ამერიკაში და იაპონიაში ხორციელდება. რეალურად, ამ ბიზნესზე Royal Swinkels-ის შემოსავლის 15% მოდის. კომპანიის უალკოჰოლო სასმელების ბიზნესი გაცილებით მწირია, ხოლო წლიური წარმოება 626,000 ჰექტოლიტრის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები