გასულ შაბათ-კვირას თეთრი სახლის ლიდერი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მისი ბრალდებები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რომელიც დონალდ ტრამპმა დიზელის გლობალურ კრიზისში ღიად დაადანაშაულა.
აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ დღეს არსებულ სანავთობო მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური კიევია, რადგან მისი მთავრობა არ ითვალისწინებს მოწოდებებს და არ წყვეტს შეტევებს რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე.
რაც შეეხება თავად რუსეთს და მის ლიდერს, მის მიმართ ტრამპის პოზიცია არამარტო დასავლელი ანალიტიკოსებისთვის, არამედ რესპუბლიკელი სენატორების ნაწილისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ რუსეთი არამარტო ომის დასრულების მომხრეა, არამედ მზადაა, საკუთარი წვლილიც შეიტანოს გლობალური დიზელის კრიზისის დასრულებაში და რომ ამას 4.8 მილიონი ტონა საწვავის ბაზარზე გამოტანით უზრუნველყოფს.
- რეალურად რა იწვევს გლობალურ სანავთობო კრიზისს, რა გავლენა აქვს რუსეთში უკრაინულ სამხედრო მოქმედებებს ვითარებაზე და შეუძლია თუ არა კრემლის მიერ შემოთავაზებულ "სამაშველო რგოლს" ვითარების შეცვლა?
როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირაში, კონკრეტულად 3 ნოემბერს ამერიკელი ხალხი მორიგ ჯერზე მივა საარჩევნო ყუთებთან და შეაფასებს ტრამპის 2-წლიან მმართველობას. იმ ფონზე კი, რომ შტატებში დიზელის ფასი გალონზე რეკორდულ 6 დოლარსა და 28 ცენტს არის მიღწეული, საარჩევნო ანალიტიკოსებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ პრეზიდენტის რესპუბლიკური პარტია დემოკრატებთან, სულ მცირე, 2-დან 1 პალატაში მაინც დამარცხდება.
როგორც პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, სწორედ მოახლოებული მარცხის შიშია ის, რის გამოც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსავლის ძიება კრემლში დაიწყო და მიაღწია კიდეც შეთანხმებას, რომელიც რუსულ დიზელზე დაწესებული ემბარგოს დროებით გაუქმებას და ბაზრისთვის 4.8 მილიონი ტონა საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.
ჩნდება კითხვა - არის თუ არა ეს საკმარისი ვითარების შესაცვლელად და მომდევნო 1 თვის განმავლობაში დიზელის ფასის ისე დასაწევად, რომ ამან ტრამპს გამარჯვება მოუტანოს. ამ კითხვას პასუხს თავად ციფრები სცემს.
ამერიკის შეერთებული შტატები თვეში საშუალოდ 16 მილიონ ტონა დიზელს მოიხმარს. პუტინი კი ტრამპს 4.8 მილიონი, ანუ მესამედის გადაცემას დაჰპირდა, აქედან პირველი ტრანში მხოლოდ 300,000 ტონაა, რაც ამერიკის ამჟამინდელი მოთხოვნის მხოლოდ 14 საათს უდრის.
უფრო ფართოდ რომ წარმოვიდგინოთ, დღესვე რომ მისცეს რუსეთმა ამერიკას დიზელის დაპირებული რაოდენობა, ეს ქვეყნის წლიური მოხმარების 2.5%-ზე მეტი მაინც არ იქნება ანუ, გლობალური დეფიციტის შესამსუბუქებლად ეს ციფრი პრაქტიკულად უმნიშვნელო იქნება.
ამ მოცემულობის ფონზე, ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება, ეს ტრამპს არ ესმოდეს? თუმცა, ანალიტიკოსები ნაწილობრივ თანხმდებიან, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ზუსტად იცის, როგორიცაა მოცემულობა და მას უბრალოდ ამ პოლიტიკურ ქაოსში ერთგვარი "განტევების ვაცი" სჭირდება - ადამიანი, ვისაც მის მიერვე ირანთან დაწყებული ომით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას გადააკისრებდა.
იმის ფონზე, რომ ტრამპის ერთგულ მხარდამჭერებს, MAGA-ს წევრებს ისედაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, ტრამპმა სწორედ უკრაინის პრეზიდენტი აღიქვა შესაფერის პიროვნებად, თუმცა იქნება თუ არა ეს საკმარისი გამარჯვებისთვის, ეს მეორე საკითხია.
რაც შეეხება რუსეთს, მის გამარჯვებაზე დასავლური მედია უკვე აქტიურად წერს. კრემლმა შეძლო და უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტისაგან მიიღო 4.8 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტის გარანტია. იმას გარდა, რომ პუტინის ხელისუფლება საექსპორტოდ დასაწყობებული ტვირთის გასაღებას მოახერხებს, ის მიიღებს $3-დან $3.5 მილიარდ დოლარამდე შემოსავალსაც. აქედან კი თითქმის ნახევარი, რუსული საგადასახადო კანონმდებლობით, პირდაპირ კრემლის ფედერალურ ხაზინაში შევა. შესაბამისად, გამოყენებულ იქნება რუსეთის სამხედრო მანქანის გასაძლიერებლად.
- რეალურად ვისი ან რისი ბრალია ამჟამინდელი მსოფლიო კრიზისი და, საერთოდაც, აქვს თუ არა უკრაინულ შეტევებს გავლენა არსებულ ვითარებაზე?
რიცხვებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კრიზისის რეალური მიზეზი არა რუსულ სანავთობო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული შეტევები, არამედ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო კონფლიქტია.
როგორც ცნობილია, თებერვლის ბოლოს დაწყებულმა ამ ომმა გლობალური ბაზარი დღეში 18-დან 21 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობის გარეშე დატოვა. გაჩერდა ჰორმუზის სრუტე და შეიზღუდა ბაბ-ელ-მანდები. შესაბამისად, ვერც ქუვეითმა და ვერც საუდის არაბეთმა ვეღარ შეძლეს იმ ნედლეულის გატანა, რომლიდანაც დიზელი მთელ მსოფლიოში იწარმოება. როგორც ირკვევა, ფასების საერთო ზრდის 80-85% სწორედ ახლო აღმოსავლეთის ომზე მოდის. აი, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ამერიკელ მომხმარებლებს საწვავში წელს დამატებით 40 მილიარდის დახარჯვა მოუწიათ.
რაც შეეხება უკრაინას, მართალია, კიევმა რუსეთის გადამუშავება დღეში 1.7 მილიონი ბარელით შეამცირა და საერთაშორისო ბაზარს 800,000 ბარელამდე რუსული დიზელი მოაკლო, თუმცა გლობალურ დეფიციტში ამ დარტყმების წილი მხოლოდ 10-15%-ია.
საყურადღებოა კონკრეტული ემპირიული შედარებაც: უკრაინას ამ ბოლო თვეებში რუსულ ქარხნებზე ერთი დრონიც რომ არ დაემიზნებინა, ჰორმუზის პარალიზების გამო დიზელის ფასი ამერიკაში მაინც 6 დოლარს გადააჭარბებდა. რაც შეეხება იმ სცენარს, როცა ირანში ომი საერთოდ არ დაწყებულა, უკრაინა კი დარტყმებს სრულფასოვნად ახორციელებს, ეს მოცემულობაც კი გლობალურად დიზელის ფასს მხოლოდ 25 ცენტით გაზრდიდა.
სწორედ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით აჯერებენ პოზიციებს ანალიტიკოსები იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი-პუტინის გარიგება ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად არაეფექტურია და ის ვერც ამერიკელ მომხმარებელს დაუწევს ფასებს და ვერც გლობალურ დეფიციტს აღმოფხვრის.
























