IT სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2025 წელი დარგისთვის წარმატებული იყო.
როგორც BMG-ის სექტორის შედეგების შეფასებისას კომპანია „ნექსუსის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, გასული წელი ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, IT სექტორისთვისაც მერყეობით დაიწყო, თუმცა ჯამურად წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე შეკვეთების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.
აკაკი კვანტალიანის განცხადებით, მათი კომპანიისთვის IT სერვისების ექსპორტის მთავარი ბაზრები საუდის არაბეთი და უზბეკეთია.
“ჩვენი კომპანიისთვის 2025 წელი ცუდად დაიწყო, გაუგებრად, როგორც ბევრისთვის, ვინაიდან პროტესტები უძღოდა 2025 წლის დაწყებას. შემდგომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ჩვენი შემოსავლების დინამიკა იყო მზარდი, რაც სამი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი ფაქტორი ეს იყო, რომ ჩვენი კლიენტების ბიზნესები გაიზარდა და შესაბამისად, მათგანაც დაკვეთები გაგვეზარდა. მეორე მიზეზი იყო ჩვენ მიერ სიახლეების დანერგვა, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების შექმნა და შეთავაზება ბაზრისთვის. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო კარგად ათვისება. სახელმწიფო პროგრამების დახმარება უნდა აღინიშნოს ამ კუთხით, „აწარმოე საქართველოში“ კონკრეტულად. ჩვენს შემთხვევაში [შემოსავლების] ზრდა სცილდება 50%-საც. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო, მოულოდნელი.
ჩვენ ამ ეტაპზე კონცენტრირებულად ვმუშაობთ საუდის არაბეთზე და უზბეკეთზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა სხვაგან არ არის. უბრალოდ ასე მოხდა, რომ ამ ბაზრებზე პროექტები გავაკეთეთ და შემდგომ გადავწყვიტეთ ამ ქვეყნებში დარჩენა და ამან, შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია განსაზღვრა. ასევე აქტიურად დავიწყეთ 2025 წლის ბოლოს მუშაობა ლათინური ამერიკის ბაზარზე, რასაც გავაგრძელებთ 2026 წელსაც და წინათგრძნობა მაქვს, რომ ეს ბაზარიც საკმაოდ კარგი და სტაბილური პროექტების წყარო იქნება”, - განაცხადა აკაკი კვანტალიანმა.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება მთლიანად 2024 წლის განმავლობაში IT სექტორის მიერ მიღებულ საგარეო შემოსავალს, რამაც 688 მილიონი დოლარი შეადგინა.




























