ყოველწლიური საშემოდგომო საყიდლები, როგორც წესი, სექტემბერში, სკოლის დაწყებასთან ერთად იღებს სტარტს და ნოემბერში, “შავი პარასკევით” გვირგვინდება. მსოფლიოს მასშტაბით, ასობით ბრენდი ამ დღეს მომხმარებლისთვის განსაკუთრებული შეთავაზებითა და ფასდაკლებებით ხვდება.
წელს ე.წ. “შავი პარასკევი”, ტრადიციულად, მადლიერების დღის შემდეგ პარასკევს, 24 ნოემბერს დაიწყება და, სავარაუდოდ, როგორც წინა წლებშიც, ახლაც შაბათ-კვირასა და “კიბერ ორშაბათსაც" მოიცავს. ზუსტად ერთ თვეში შოპინგის მოყვარულებს მსოფლიო მასშტაბით ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, თავის მოვლისა და სხვა ათობით დასახელების კატეგორიიდან ნივთების შეძენა 80%-მდე ფასდაკლებითა და “1+1”-ის მსგავსი შეთავაზებებით შეეძლებათ.
ბრიტანული გამოცემა The Independent-ი გასული წლის საუკეთესო შეთავაზებების სიას აქვეყნებს, რომელშიც მოწინავე ადგილს ტექნოლოგიური გიგანტი, Apple იკავებს. 2023 წლის “შავი პარასკევის” აქციის ფარგლებში, iPhone 13-ის მოდელის შეძენისთვის პირველადი შენატანი სულ რაღაც £30 იყო, 6-თვიანი უფასო ტარების უფლებით. ამავე სიაში ხვდება Amazon-ის შეთავაზებები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით ყოველთვის გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ “შავ პარასკევს” მოთხოვნა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ყოველთვის მაღალია. გასულ წელს აშშ-ში გამოკითხული მომხმარებლების 49% სწორედ ამ კატეგორიაში აპირებდა შენაძენის გაკეთებას, 29% - აქსესუარების, 26% კი - სათამაშოების. ცნობილია ისიც, რომ 2022 წლის “შავ პარასკევს” ამერიკის მოქალაქეებმა მხოლოდ ონლაინ შესყიდვებით რეკორდი მოხსნეს - შენაძენის მოცულობამ კი $9.12 მლრდ-ი შეადგინა. აღნიშნული შედეგი მხოლოდ მცირედით აღემატება 2020 წლის რეკორდს, როცა პანდემიის პერიოდში ონლაინ შესყიდვების მოცულობამ $9.03 მლრდ-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება წლევანდელ შეთავაზებებს, საუკეთესო ფასდაკლებების სიაში პირველ ადგილს კვლავ Amazon-ი იკავებს. მაგალითად, ონლაინ შესყიდვების პლატფორმაზე £140-იანი აეროგრილის შეძენა ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი. შემცირებული ფასი ყველა კატეგორიის პროდუქტზე იმოქმედებს როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებშიც.
რა თქმა უნდა, “შავი პარასკევის” ტრადიციას საქართველოც მრავალი წელია უერთდება - გასულ წელს ამ დღის გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2021 წლის შედეგებს 9%-ით გადააჭარბა. მაღაზიებს შორის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდები ლიდერობდნენ. ქართული კომპანიებისგან წლევანდელი შეთავაზებების შესახებ ცნობილი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება.
“შავი პარასკევი”, თანამედროვე ეპოქაში ცნობილი სახით, 1950-იანი წლების ფილადელფიიდან დაიწყო, როცა პოლიციის ადგილობრივმა დეპარტამენტმა ქალაქში მადლიერების დღის მომდევნო დღეს განსაკუთრებულად დატვირთული საჯარო თავშეყრის ადგილები დააფიქსირა.
რაც შეეხება “კიბერ ორშაბათს” ეს “შავი პარასკევის” ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა, როგორც ამას სახელწოდებაც გვეუბნება, ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე ვრცელდება და საუკეთესო ფასად, როგორც წესი, ტექნიკისა და საოჯახო, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაა შესაძლებელი.