2016 წელს შემუშავებული მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმის ერთ–ერთი ავტორი, ქალაქმგეგმარებელი მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მისი თანამონაწილეობით შექმნილი გენგეგმა მცხეთის საკრებულომ, მისი წევრების კერძო ინტერესების გამო, დაიწუნა.
ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
„საკრებულოს რამდენიმე წევრს მოსახლეობაზე ზრუნვის საბაბით უნდოდა, რომ სამთავროს მონასტრის თავზე განვითარება შემდგარიყო. შეფასების კრიტერიუმი ასეთი იყო - თუ იქ გენგეგმა მშენებლობას დაუშვებდა, მაშინ ის კარგი დოკუმენტი იქნებოდა, თუ არ დაუშვებდა, მას ბევრი უარყოფითი ფაქტორი ექნებოდა. ის უფრო მთავარია, რომ იქ თუნდაც ნაწილმა, ორმოცდაათმა მოქალაქემ საცხოვრებელი სახლი ააშენოს, თუ ის, რომ ეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დარჩეს. ეს არ არის მხოლოდ მცხეთისა და იმ 50 მოქალაქის ძეგლი, ეს მთელი საქართველოს ძეგლია“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ 2016 წელს შექმნილ დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოსგან, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დადებითი შეფასება ჰქონდა.
„მე ახლაც ვთვლი, რომ ის კვალიფიციურად შესრულებული სამუშაოა. ამას ეს პერსპექტიული ტენდერიც დაადასტურებს, რადგან იქ ბევრი რამ ამ გენგეგმიდან იქნება ასახული“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ახალ გენგეგმას, რომლის შესაქმნელად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა, მერაბ ბოლქვაძის აზრით, ახალი დოკუმენტის ავტორებმა, მის მსგავსად უნდა გაითვალისწინონ, რომ სამთავროს მონასტრის მიმდებარედ და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის სხვა ზონებში, სამშენებლო განაშენიანება დაუშვებელია.
„ამ ქალაქს ტერიტორიული განვითარების რესურსი არ აქვს. მეორე ფაქტორი, რაც ასევე გასათვალისწინებელია და ეს უმთავრესია - ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ბუნებრივია, იმ არეალში, ეს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაა, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ. განსაკუთრებით, ეს სამთავროს თავზე არსებულ ტერიტორიებს ეხება, სადაც სამწუხაროდ, გაცემულია მიწის ნაკვეთები და მოსახლეობის ნაწილს ამ ტერიტორიის განვითარების ინტერესი აქვს. ამაზე კი, იმ გენერალურმა გეგმამ ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ ამ ტერიტორიების სამშენებლო განვითარება ყოვლად დაუშვებელია, რადგან იმ წუთში მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხიდან ამოვარდება, რადგან იქ მნიშვნელოვანი არქეოლოგიაა და სამთავროს თავზე სამშენებლო განვითარება დაუშვებელია, ამიტომ ის, ვინც ამ კონკურსს მოიგებს და ამ ტენდერის შემდეგ სამუშაოს შეასრულებს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გასათვალისწინებელი ექნება“, – მიიჩნევს ქალაქმგეგმარებელი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მესამე მცდელობაა. 2016 წელს აღნიშნული დოკუმენტი მცხეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორგანიზაცია „სალი 2011“-მა მოამზადა, რომელიც ადგილობრივმა საკრებულომ დაიწუნა.
სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის მიწვევით მუშაობდა მერაბ ბოლქვაძე.
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში, მცხეთის გენგეგმისთვის ტენდერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა, თუმცა შემდეგ მთავრობის სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა და სივრცითი დაგეგმარების საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა, ამიტომ ტენდერი შეწყდა. ამ საკითხზე მესამე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა.