მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვახვედრებთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს? - ნინო კეკელიძე ქალების ნარატივში

BM.GE
24.02.21 11:52
571

"საქართველოში შემოსვლის თვალსაზრისით, ძალიან მცირე მოთხოვნა ფიქსირდება" - ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე „ქალების ნარატივში“

 

-თქვენი აზრით, ქვეყნის პრემიერის ცვლილება რას ცვლის ტურიზმის სექტორისთვის?

-ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების თვალსაზრისით, პოლიტიკური ფონი მნიშვნელოვანია. კერძო სექტორს ყოველთვის ურჩევნია მშვიდი, დაბალანსებული პოლიტიკური მდგომარეობა, მით უმეტეს, პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით. 

 

-როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ტურიზმის სექტორთან კომუნიკაციის ხარისხს?

-2020 წლის მარტის თვიდან კერძო სექტორს სახელმწიფო სექტორთან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა არაერთი ონლაინ შეხვედრით, ვიყავით ჩართული ძალიან აქტიურად რეგულაციების შემოღების პროცესში და აზრს ხშირად ვაფიქსირებდით და ამას მეტ-ნაკლებად ითვალისწინებდნენ. აღვნიშნავ, რომ Discover Georgia-ზე დადებითად აისახა სუბსიდირების ნაწილი,სხვა ხელისშემწყობ ფაქტორებთან ერთად.
 

 

-რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ ბაზარზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ოპერირება?

-საჰაერო ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ასეთი რთული პერიოდის შემდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეს დაუბრუნდა არაერთი საკმაოდ ცნობილი, ღირებული ავიაკომპანია რეგულარული ფრენებით. რაც შეეხება დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს, სახეზე გვაქვს მათი რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც უკვე დაიწყეს ოპერირება, ერთ-ერთი გახლავთ Pegasus-ის ავიახაზები.  

 

-რას ვახვედრებთ დღეს საქართველოში შემოსულ ტურისტს?

-ჯერ-ჯერობით შეგვიძლია გამოვკვეთოთ აჭარა, რომელიც მწვანე ზონად გვაქვს გამოცხადებული. კერძო სექტორი დღეს თვითგადარჩენის რეჟიმზე მუშაობს. ტურისტებს კი ვახვედრებთ, ალბათ, ძალიან დიდ მოტივაციას, რომ სამომავლოდ, ნელ-ნელა, ისევ საერთაშორისო ტურისტების აქტიური მიღებით და სტუმართმასპინძლობით, ალბათ უნდა გვქონდეს იმედი. ინდუსტრიაში ბევრი გამოწვევაა.

 

-გაქვთ იმედი, რომ ტურისტები ჩამოსვლას დაიწყებენ?

-მეტ-ნაკლებად, კი, თუმცა არა იმ ნიშნულით, რაც ბოლოს 2019 წელს გვქონდა. 

 

-მოთხოვნა თუ გამოიკვეთა?  

-მოთხოვნა ფიქსირდება, თუმცა ძალიან მცირე, საქართველოში შემოსვლის თვალსაზრისით. ჩვენმა კომპანიამ უკვე დაიწყო განახლებული ტურისტული პაკეტების შემუშავება. სერვისების მომწოდებლების თვალსაზრისით ალბათ, ნახევარიც აღარ გვყავს. იგულისხმება, არა მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრია და კვების ობიექტები, არამედ მუზეუმები, გასართობი ობიექტები და ა.შ - რა აქტივობებითაც იტვირთებოდნენ ტურისტები, გარდა ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების მიმართულებისა. ამიტომ, პირველ რიგში ჩვენს კომპანიას მოუწია ადაპტირება, სერვისების მომწოდებლების ახალი ბაზის შექმნა, ტარიფების განახლება. ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ გამაჯანსაღებელ მიმართულებაზე, ასევე, გამოვყოფ, ეკოტურისტულ მიმართულებას. ამ პერიოდში, ადამიანებს სჭირდებათ მეტი კომუნიკაცია ბუნებასთან, კულტურულ, აგროტურიზმის მიმართულებასთან.   

 

-თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია კოვიდ-დაზღვევა?

-ეს უნდა განვიხილოთ საერთაშორისო ტენდენციების ფონზე. მაგალითად, როდესაც საქართველოდან უკრაინაში ვუშვებთ საქართველოს მოქალაქეს, ის გვთხოვეს კონკრეტულად უკრაინის სადაზღვევო კომპანიაში შეძენილ კოვიდ-დაზღვევას და არ ცნობს სხვა ქვეყნის მიერ გამოცემულ სადაზღვევო პოლისს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნები უკვე არიან მომზადებული იმისთვის, რომ საერთაშორისო ტურისტების მიღების პროცესში ქვეყანამ ისეთი პროდუქტი შესთავაზოს, რომელიც ადაპტირებული იქნება პანდემიასთან და უსაფრთხო ტურისტულ მოთხოვნებთან. დღეს უსაფრთოხების ნაწილი პრიორიტეტულია და ჩვენც უნდა დავიწყოთ კოვიდ-დაზღვევის პროდუქტზე მუშაობა. 

 

-რა ხდება, როდესაც აცრილი ჩამოდის აუცრელ ქვეყანაში?

-ალბათ, არაფერი, რადგან აცრილი ადამიანი არ წარმოადგენს საშიშროებას ქვეყნის მოსახლეობისთვის და ასევე მისთვის არაა საშიში ქვეყანაში დახვედრილი წითელი ფონი, პანდემიის თვალსაზრისით. ჩვენც ვიღებთ იმ ტურისტებს, რომელთან ორჯერ აქვთ ჩატარებული ვაქცინის კურსი. მაგრამ, თუ მგზავრს არ აქვს ვაქცინა გაკეთებული ტესტის საფუძველზე შემოდის, არ შემთხვევაში კითხვები ჩნდება. მოგეხსენებათ, შემოსვლიდან მესამე დღესაც გათვალისწინებულია ტესტის გაკეთება და თუ მას დაუდასტურდება კოვიდ-19, მაშინ ვინ ფარავს მკურნალობის ხარჯებს, თუ მოგზაური განაცხადებს, რომ მას არ აქვს ხელთ საჭირო ფინანსები?  

 

-ქართველებმა თუ დაიწყეს უკვე მოგზაურობა?

-შეინიშნებიან უკვე მოგზაურები გამყვანი მიმართულებით, გვაქვს გახსნილი თბილი აზიის ქვეყნები, მალდივები, ზანზიბარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები. შეინიშნება მოთხოვნა ეგვიპტის მიმართულებითაც. 

 

-თავად რომელ ქვეყანას აირჩევდით სამოგზაუროდ?

-დასასვენებელი მიზნებით, დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი მალდივის კუნძულებს.

 

-განათლების ხარისხზე მუშაობის მსუყე გამოცდილება გაქვთ, რა სჭირდება დღეს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას? როგორ აისახა ონლაინ სწავლების საკითხი?

-ონლაინ სწავლებამ ძალიან ბევრი გამოწვევა დაგვანახა საგანმანათლებლო სისტემის, მათ შორის ყველაზე კრიტიკული და ალბათ, ღირებული არის სტუდენტის მოტივაცია. აქ შეიძლება გავლენა ჰქონდა ფსიქოლოგიურ ნაწილსაც პანდემიის ფონზე. მასწავლებლებმა თუ ლექტორებმა გაწიეს დიდ შრომა ონლაინ სწავლების ადაპტირების პროცესში. შედეგი არის ის, რომ გადავლახეთ რთული პერიოდი, იმის ფონზე რომ სწავლა არ შეჩერებულა და შესაძლებლობების ფარგლებში გაგრძელდა საგანმანათლებლო პროცესი.

 

-თქვენთვის რას ნიშნავს სტუდენტებთან ურთიერთობა?

-ეს არის ჩემი ერთ-ერთი ინსპირაცია, ვხედავ დიდ მომავალს სტუდენტებში, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური რესურსის განათლების ხარისხი ესადაგებოდეს კერძო სექტორის მოთხოვნებს. განათლებული თაობის გარეშე ქვეყანას, განვითარების თვალსაზრისით, მომავალი არ აქვს. პრაქტიკული გამოცდილების ძალიან დიდ ნაწილს ვუზიარებ სტუდენტებს, ქვეყანას ძალიან კარგი თაობა ჰყავს.

  

-რამდენიმე წელიწადში სად ხედავთ თავს?

-ამ, ეტაპზე, განვაგრძობ მუშაობას კერძო სექტორის მიმართულებით, გავაგრძელებთ საგანმანათლებლო, აკადემიური მიმართულებითაც განვითარებას. კერძო სექტორის გადარჩენის ინსტინქტის გათვალისწინებით, 2021-ში წარმომიდგენია რთული სამუშაოების დაძლევა.  




სტუმარი: ნინო კეკელიძე - ტურისტული კომპანია Discover Georgia ; ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები