მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ყიდულობენ ჩინელები საქართველოსგან? – TOP-10 ექსპორტიორი

5c4c214437f5c
თამუნა დემეტრაშვილი
26.01.19 17:20
2941
მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებისა, საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 1,8%-აა შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს ამ ქვეყანაში 198 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, მაშინ როცა 2017-ში ჩინეთში ექსპორტმა 202 მილიონი შეადგინა.

მთავარი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის კონცენტრატია. მთლიანი ექსპორტის თითქმის 80% სწორედ მასზე მოდის; მეორე პოზიციაზე ღვინოებია. გასულ წელს ჩინეთში 20 მილიონი დოლარის ღირებულების ნატურალური ღვინოებია გასული.

მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოების ექსპორტიდან გასულ წელს ქვეყანამ 11 მილიონიანი შემოსავალი მიიღო, სპილენძის ჯართის ექსპორტიდან კი - 4 მილიონი დოლარი. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალშია ასევე, სხეულის ხელოვნური ორთოპედიული ნაწილები, მსუბუქი ავტომობილები, ეთილის სპირტი, თხილი, ფარმაცევტული პროდუქცია, ასევე ბამბა და ბინტი.

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ის გასულ წელს თითქმის 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და 834 მილიონს მიაღწია. პირველ ადგილზე გამომთვლელი მანქანებია, რომელთა იმპორტმაც გასულ წელს 41 მილიონი დოლარი შეადგინა, ტურბორეაქტიული ძრავები - 38 მილიონი დოლარით მეორე პოზიციაზეა, მესამეზე 35 მილიონი დოლარით - ნაგლინი.

საიმპორტო პროდუქციის ათეულშია, ასევე, რეზინის პნევმატური სალტეები, საჰერო კონდიცირების მოწყობილობები, პოლიეთერები, რეზინის ძირიანი ფეხსაცმელი, ნათურები, სატელევიზიო აპარატურა და ტრანსფორმატორები.

Bm.ge-იმ საქსტატისგან უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალიც გამოითხოვა, რომელთა შორის არიან:

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
შპს შუხმან ვაინს ჯორჯია
შპს ლეგომეტალი
შპს დუგლაძეების ღვინოების კომპანია
შპს ბადაგონი
შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია
სს თელავის ღვინის მარანი
შპს მეღვინეობა ხარება
შპს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები
შპს ჯეო გადამამუშავებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები