2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს (23.4 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 330.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 215.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.0 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 150.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.2 პროცენტი).