მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რასაკვირველია, პოლიტიკური არასტაბილურობა ხელს არ უწყობს ბიზნესის განვითარებას” - სოსო ფხაკაძე

bag

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ წლის პირველ 4 თვეში მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღი იყო და იმედს იტოვებს, რომ სტაბილურობა სამომავლოდაც შენარჩუნდება. ამის შესახებ ფხაკაძემ საინვესტიციო კლიმატის შეფასებისას, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“30 წელზე მეტია, რაც ჩვენ ბიზნესში ვართ. ბიზნესს აკეთებენ ოპტიმისტი ადამიანები, ამიტომ ყოველთვის ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა, რასაკვირველია, პოლიტიკური არასტაბილურობა ხელს არ უწყობს ბიზნესის განვითარებას, ეს ცალსახად ასეა და მგონი, ყველას გვესმის.

პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდა რომ ავიღოთ და ზოგადად, მაკროეკონომიკური ჩარჩო, ის იყო სტაბილური და ჯანსაღი და დიდი იმედი გვაქვს, ასე შენარჩუნდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რადგან ჩვენ, ბიზნესმენები, ვწვალობთ, ვმუშაობთ ძალიან ბევრს იმისთვის, რომ რაღაც ღირებული, ფასეული შევქმნათ, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვის და, რასაკვირველია, ჩვენთვის პოლიტიკურ სტაბილურობას და მშვიდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა - ამას ღიად ვამბობთ და ვიტყვით ყოველთვის”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

BAG-ის პრეზიდენტმა მედიასთან “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის” მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ასოციაციისა და თბილისის მერია თანამშრომლობა შეაფასა.

“საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველთვის იღებს მონაწილეობას ამ ფორუმში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ქალაქ თბილისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ნახევარზე მეტს წარმოადგენს, ამიტომ, თბილისში ბიზნესის განვითარება და ამაზე აქცენტირება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ხდებოდეს სტაბილურად და იყოს მდგრადი.

რაც შეეხება თბილისის მერიასთან თანამშრომლობას, საქართველოს ბიზნესასოციაცია ქვეყნის ეკონომიკის, დაახლოებით, 75%-ს წარმოვადგენთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი წევრი კომპანიების ბიზნესის დიდი ნაწილი თბილისში ხორციელდება, გვაქვს აქტიური და პერმანენტული კომუნიკაცია თბილისის მერიასთან და, ბუნებრივია, ყოველთვის ვცდილობთ, ორივე მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყანას, ქალაქს და მის ეკონომიკურ განვითარებას. მივესალმებით იმ პროექტებს, რომლებსაც მერია ახორციელებს”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები