მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რასაც წერს საქსტატი, იმაზე მაღალი ინფლაცია გვაქვს“ - ალექსი ნონიაძე

ავტოსერვისი

ოქტომბრის თვის წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს (3%) თითქმის ორჯერ აღემატება.

ეკონომისტების შეფასებით, ფასების ზრდა ძირითადად გლობალური ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა, იმპორტირებულ ინფლაციასთან ერთად, ქვეყანაში მკვეთრად გამოიკვეთა ადგილობრივი, უფრო ხისტი ინფლაციური გავლენებიც. ეს უკანასკნელი შიდა ეკონომიკურ ტენდენციებს ასახავს და შედარებით ხანგრძლივი ხასიათისაა.

გარდა კონკრეტული სასაქონლო ჯგუფებისა, ფასების მკვეთრი ზრდა შეინიშნება მომსახურების სექტორშიც, მათ შორის საავტომობილო სფეროში.

ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განმარტავს, რომ სერვისების გაძვირება პირდაპირ უკავშირდება ცხოვრების საერთო გაძვირებას.

„გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი ძვირდება. აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ თვითონ ავტომობილები გაძვირდა, როცა მომსახურებაზე ვსაუბრობთ, ყველა ის ფაქტორი მოქმედებს, რაც ნებისმიერ ადამიანს ეხება. რასაც წერს საქსტატი, იმაზე მაღალი ინფლაცია გვაქვს ქვეყანაში: პირველადი მოხმარების პროდუქტების, საწვავის, ქირის გაძვირება — მომსახურებაზე ყველაფერი კომბინაციაში ისახება“, - აცხადებს ნონიაძე.

მისი თქმით, გაზრდილი ყოველდღიური ხარჯების გამო ხელოსნები იძულებულნი არიან, მომსახურების ტარიფები გაზარდონ:

„ვთქვათ, საშუალოდ ავტომობილის ხელოსანი თვის განმავლობაში 50 მანქანას ემსახურება. მანამდე თუ, პირობითად, 30 ლარს იხდიდა ავტომფლობელი და ხელოსანს 1500 ლარი გამოსდიოდა, ამ 1500 ლარად გარკვეულ პროდუქტს ყიდულობდა. ახლა ეს საკმარისი აღარაა და 2000-2500 სჭირდება. რა უნდა გააკეთოს? მარტივია ზრდის ერთ კლიენტზე მომსახურების ხარჯებს.“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში მომსახურების ინფლაციამ 6.7% შეადგინა.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ცალკეულ სერვისებზე ფასები შემდეგნაირად გაიზარდა:

  • ქალის ფეხსაცმლის შეკეთება: +29.42%
  • ავტომობილის შეკეთება: +26.04%
  • სანტექნიკოსის მომსახურება: +18.03%
  • მღებავის მომსახურება: +16.51%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება): +16.27%
  • მობილური ტელეფონის შეკეთება: +14.24%
  • ძიძის მომსახურების ღირებულება: +14.21%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები