მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაეხმარება ფერმერებს აგროდრონი, რომლის შეძენაც შეღავათიანი აგროსესხით შეუძლიათ

6395b00e681f6
თათია კაკიაშვილი
11.12.22 17:00
747

ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა უმარტივდებათ. აგროკრედიტის პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს შეუძლიათ, აგროდრონი და მეტეოსადგური შეიძინონ. აგროდრონების შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20 000 ლარიდან მილიონ-ნახევარ ლარამდეა. 

„FAO-ს პროგნოზით, იმისთვის, რომ 2050 წელს მოსახლეობის გამოკვება მოხდეს, წარმოება 70%-ით უნდა იყოს გაზრდილი. ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, შესაბამისად, ჩვენც უნდა გავზარდოთ მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება. ბაღის სამართავად გვჭირდება ტენიანობის გაზომვა, ამინდების წინასწარი პროგნოზირება, ქარის სიჩქარის მიმართულების გაზომვა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებების კონტროლის კუთხით, წინასწარი პრევენციული მონაცემების შეგროვება იმისთვის, რომ დროულად გავაკეთოთ ჩარევები. აგროდრონები ამცირებს სერიოზულ ხარჯს, რადგან არ ვწამლით, როცა საჭიროება არ არის, არ ვრწყავთ ტენიანობის კონტროლის პირობებში და ბევრი სხვადასხვა საკითხის გადახედვა ხდება. როდესაც მონაცემებზე დაფუძნებულია მართვა, ცხადია შედეგი უფრო მეტია, მაღალპროდუქტიულია და ხარისხიც უფრო მაღალია. რაც ყველაზე კარგია, ამ ცოდნის შემოტანა ძვირი არ ჯდება, ავსტრიის მაგალითი რომ ავიღოთ, დაახლოებით 95 ევრო ჯდება წელიწადში იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ონლაინში შეგროვებული მონაცემები დაამუშაოს,“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

„უპილოტო საფრენმა აპარატებმა 21-ე საუკუნეში ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა. ეს არ ეხება მარტო სოფლის მეურნეობას, აბსოლუტურად ყველა მიმართულებაში მოახდინა გარღვევა. როცა ფერმერები აგროდრონებს იყენებენ, სამ მნიშვნელოვან კომპონენტს აქცევენ ყურადღებას: პირველი ეხება დროს, მე-2 კონპონენტი არის ეფექტიანობა და მე-3 - ეკონომიკური ფაქტორი. დროის შემთხვევაში აგროდრონის საშუალებით ხდება დროული ჩარევა და ინტერვენცია სხვადასხვა დაავადების პრევენციული აღმოფხვრისა და კონტროლის კუთხით. ასევე, ეფექტიანობის კუთხით, აგროდრონის გამოყენებით ვამცირებთ კონკრეტულ სამეურნეოზე სამუშაო ხსნარის გამოყენებას, მაგალითისთვის, ტრაქტორით წამვლის შემთხვევაში, გამოიყენება 250-300 ლიტრამდე სამუშაო ხსნარი, ხოლო აგროდრონის შემთხვევაში ვიყენებთ 30 ლიტრს, რომელიც არის დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები, რაც ძალიან ეფექტურია. რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ფერმერებს უმოკლეს დროში და ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ გავიდნენ  მაღალ შემოსავლიან მოსავალზე, რაც გულისხმობს კონკრეტულ დროს კონკრეტულ ვადებში მოვახდინოთ კონტროლი, პრევენცია და მათი აღმოფხვრა,“ - განაცხადა ფერმერმა დიმიტრი ბანკარაშვილმა.

ცნობისთვის, აგროდრონის ტექნოლოგია, საკმაოდ ძვირად ღირებულია, მისი ფასი $15000-50000-მდე მერყეობს და დამოკიდებულია მის სიმძლავრესა და სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, როგორი რადარით არის აღჭურვილი, როგორი გამომფრქვეველი საშენებით არის აღჭურვილი და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები