მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დახარჯავს ბოლნისის მუნიციპალიტეტი EU-სგან მიღებულ მეორე გრანტს?

6314aa4227769
გვანცა სანაია
04.09.22 21:26
1557
63 000 ევროზე მეტი აგროპროდუქტების ლაბორატორიის, 26 000 ევრო ადგილობრივი პროდუქტების ვებგვერდის და 60 000-ზე მეტი „მდგრადი და მწვანე ქალაქის“ სტრატეგიის და შემდეგ მისი საპილოტე სადემონსტრაციო ტერიტორიის შექმნისთვის - ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, მეორედ მიღებულ გრანტს, სხვადასხვა მიმართულებებზე დახარჯავს.

პროექტის „ბოლნისის მოდელი-წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს, საიდანაც 50 000 ევრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობაა.

“2022 წლის პირველი თებერვილიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პარტნიორ ორგანიზაცია CURSUS-თან ერთად, პროექტის „ბოლნისის მოდელი-წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 250 ათასი ევროა. აქედან, ევროკავშირის გრანტი 200 ათას ევროს (80%) შეადგენს, ხოლო 50 ათასი ევრო (20%) ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობაა. პროექტის თითოეული ღონისძიების ღირებულების 80%-ს ევროკავშირი, ხოლო 20%-ს ბოლნისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 63 ათას ევროზე მეტი გათვალისწინებულია აგროპროდუქტების ლაბორატორიის შექმაზე; ვებგვერდის შექმნა ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის 26 ათას ევროზე მეტს ითვალისწინებს; ფორუმის მოწყობაზე 8 ათასი ევროა გაწერილი; „მდგრადი და მწვანე ქალაქის“ სტრატეგიის შექმნაზე კი 25 ათასი ევრო”, - განუცხადეს BM.GE-ს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ლაბორატორიის მოსაწყობად შესყიდვის პროცედურები მიმდინარეობს; "მდგრადი და მწვანე ქალაქის" სტრატეგიაზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს და ვებგვერდის დამზადების პროცესი სპეციალისტების შერჩევის ეტაპზეა, ხოლო ფორუმის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

2023 წელს მუნიციპალიტეტი უკვე "მწვანე ქალაქის" საპილოტე სადემონსტრაციო ტერიტორიის მოწყობას გეგმავს, რაც 36 000 ევროზე მეტს ითვალისწინებს, 5 ათასი ევროა გათვალისწინებული მეწარმეების გაძლიერებისა და 4 ათასი ევრო ახალგაზრდების იდეების ხელშეწყობისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი „ბოლნისის მოდელი-წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ორწლიანია და 2024 წლის 31 იანვარს დასრულდება.

ცნობისთვის, პირველად, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, EU-ს გრანტი 2018-2021 წლებში მიიღო. გრანტით გათვალისწინებული პროექტის "ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება" ფარგლებში "აგრო ცენტრი" მოეწყო, თამაზ სტეფანიას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, შემუშავდა მუნიციპალიტეტის მარკეტინგული სტრატეგია და სხვ.

„კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ზოგიერთი ღონისძიება მცირე შეფერხებით განხორციელდა, თუმცა ყველა დაგეგმილი ღონისძიება პროექტით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა“, - განმარტავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები