ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთვის ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების საჭიროება ბუნდოვანია. ამის შესახებ ბიზნესმენმა bm.ge-ისთან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
„აზრზე არა ვარ, რაში გვჭირდება ეს ანტიდემპინგური კანონი, ვის უნდა ებრძოლონ და რატომ უნდა ებრძოლონ? - ხანდახან ვერც წარმომიდგენია. შესაძლებელია ეს ისეთი ადამიანების ხელში მოხვდეს, რომ კი არ აკონტროლონ თემა, არამედ მიზნად დაისახონ კონტროლი.
სხვადასხვა თემაა, როცა მიზნად დაისახავ ამ კონტროლს, ეძებ როგორ დასაჯო და რა ვიცი ვის ხელში მოხვდება... აზრზე არ ვარ“ - განაცხადა ბიზნესმენმა.
ცნობისთვი, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
დოკუმენტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაევალება, რომელიც უფლებამოსილი იქნება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმოს მისი ნამდვილობა მასში ეჭვის შეტანის შემთხვევაში და შესწავლის შედეგების საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასკვნა წინასწარი, ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის, გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.
პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძველი შეიძლება იყოს დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიაზე მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და მიყენებულ ზიანს შორის.

























