კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ისეთი ძლიერი ინსტიტუციების შექმნა, რომელიც ბიზნესს თავს დაცულად აგრძნობინებდა. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" ისაუბრა.
მისივე ცნობით, ახლა ქვეყანას ისეთი ხალხი მართავს, რომელსაც ამის უნარი არ შესწევს. ლალაზაშვილი მისივე მოსაზრებას იმ კრიზისული სიტუაციით ამტკიცებს, რომელშიც ქვეყანა წესით არ უნდა შესულიყო, ახლა კი მისი მართვის შესახებ წარმოდგენა არავის აქვს.
„ბიზნესს რატო უჭირდა აქამდე გამოსვლა და რატო უჭირდა ხმამაღლა რაღაცის თქმა? - იმიტომ, რომ ბიზნესს არ ჰქონდა გარანტია, რომ იქნებოდა დაცული, რადგან საქართველოში არ არსებობს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებიც გარანტი იქნებიან, რომ ბიზნესი იქნება თუ სხვა, ამოიღებს ხმას, განსხვავებულ აზრს იტყვის და ამის გამო არ დაისჯება. ამის გარანტია და ძლიერი ინსტიტუტები ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა. ეს ინსტიტუტები, მათ შორის პოლიცია, რომლის მიმართაც მეც ვიყავი ნდობით აღჭურვილი, ნდობა ამ ინსტიტუციამაც დაკარგა. აღარ არის საუბარი პროკურატურაზე, სასამართლოზე, სხვა ინსტანციებზე, რომლებიც დამცველები უნდა იყვნენ კონსტიტუციის, ხალხის უფლებების და ა.შ.
ყველაფერი ამის გამო, [ხელისუფლებაში] ხალხი მართავს ქვეყანას, რომლებსაც ჩემი ღრმა რწმენით არ აქვს ამის მართვის უნარი. რადგან, ჯერ კრიზისში შევედით, რომელშიც არც უნდა შევსულიყავით. შემდეგ, ამ კრიზისის მართვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის წარმოდგენა, არავის არ აქვს. მხოლოდ ძალის გამოყენებით, ჩახშობით, კანონის მიღებით, აკრძალვით ეს არ განელდება, გაუარესდება. ეს ჩვენი საერთო ქვეყანა, ძალიან ცუდი ნაბიჯებისკენ მიდის. კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, როდესაც ბევრ რაღაცას დავკარგავთ და მომავალზე საუბარი საერთოდ აღარა არის“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.