როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური გიგანტი, ამერიკული Amazon-ი ოჰაიოში ინვესტიციას აფართოებს და 2030 წლისთვის შტატის ეკონომიკაში $10 მილიარდს დააბანდებს. 2010 წლიდან დღემდე, Amazon-მა ოჰაიოს ეკონომიკაში $35 მილიარდი დააბანდა, რითაც ოჰაიოში 110,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო შტატის მთლიანმა შიდა პროდუქტმა $31 მილიარდით იმატა.
ოჰაიო, ბოლო წლებში, ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ შტატად იქცა. Amazon-ის გარდა, ამ შტატში Google-ის, Microsoft-ის და Meta-ს დატაცენტრებს შეხვდებით, რაც დიდწილად, შტატის გეოგრაფიულ მდებარეობას, იქ არსებულ კლიმატს და საგადასახადო გარემოს უკავშირდება.
ოჰაიო, რომელიც აშშ-ის შუა-დასავლეთ ნაწილში ძევს, ბევრ მნიშვნელოვან და მჭიდროდ დასახლებულ შტატთან ახლოს მდებარეობს, რაც ინტერნეტის დაყოვნებას მინიმუმამდე ამცირებს. ამასთან, ოჰაიოში ძალიან დაბალია მიწისძვრის, ქარიშხლის და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა, ანუ კომპანიები აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
ოჰაიო, რომელიც კანადის საზღვართან ახლოს მდებარეობს, შედარებით გრილი კლიმატით გამოირჩევა, რაც დატაცენტრების ოპერირებას ნაკლებად ხარჯიან საქმიანობად აქცევს. სხვა შტატებთან შედარებით ოჰაიოში ელექტროენერგია შედარებით იაფი ღირს, ხოლო ქსელში, რომელიც თანამედროვე და გამართულია, განახლებადი ენერგიის წილი საკმაოდ მაღალია.
ოჰაიოს ხელისუფლება ბიზნესის მიმართ პარტნიორული მიდგომით გამოირჩევა, ხოლო კომპანიები, რომლებიც შტატში ინვესტიციებს აბანდებენ, საგადასახადო შეღავათებს და ბონუსებს იღებენ. ამასთან, ოჰაიოში ბევრი კარგი ტექნიკური უნივერსიტეტიც მდებარეობს, რაც კომპანიებს თანამშრომლების მოძიებას უმარტივებს. ეს ადამიანური კაპიტალი შედარებით იაფია, ვიდრე სხვა შტატებში, რაც Amazon-ის მსგავსი კომპანიებისთვის ასევე უპირატესობაა.