მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აღმოჩნდა ანტიდემპინგური კანონი არაქმედითი და რაზე მუშაობს ბიზნესი?

64705d45a6936
თელარა გელანტია
28.05.23 22:00
960
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილის და „მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორის მარიანა მორგოშიას შეფასებით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ მიღებული საქართველოს კანონი, ფაქტობრივად, ქმედითი ვერ აღმოჩნდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც აღნიშნულის მიზეზებიც განმარტა და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1-ელი ივნისიდან უფლებამოსილია, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, სააგენტოში დემპინგთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ შესულა.

- ეს მექანიზმი <ანტიდემპინგური კანონი> ფაქტობრივად, არაქმედითი აღმოჩნდა და გეტყვით - რატომ. ზოგადად, დემპინგის დადგენა არის რთული პროცესი. პირველ ეტაპზე ბიზნესმა ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია უნდა შეაგროვოს, დაამუშაოს და შემდეგ განაცხადი შეიტანოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში; ამის მერე კი, სააგენტოს კიდევ სჭირდება დრო, პროცესი, რომელიც შეიძლება, სამი და მეტი თვე გაგრძელდეს. ამასობაში კი, ბაზარზე შემოსულმა იმპორტის დიდმა პარტიამ შესაძლოა, ადგილობრივ წარმოებას სერიოზული პრობლემები შეუექმნას. მაგალითად, „მწარმოებელთა ასოციაციის“ წევრ ერთ-ერთ საწარმოს ჰქონდა იდენტიფიცირებული დემპინგის შესაძლო შემთხვევა. დავიწყეთ მოკვლევა, ინფორმაციის მოძიება. კონკურენციის სააგენტო ძალიან გახსნილი უწყებაა, ძალიან კარგად თანამშრომლობს ჩვენთან და ერთ-ერთი ასეთი კომუნიკაციის დროს, როდესაც გვინდოდა, ინფორმაციის მიწოდება, აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც საერთაშორისო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში, თავისივე ქსელიდან ახორციელებდა პროდუქტის იმპორტს, რომელიც შემდგომში ექსპორტზე გაჰქონდა სხვა ქვეყანაში. (საქართველოს წარმადობა ვერ უძლებდა ამ მოთხოვნას და ამიტომ ხდებოდა პროდუქტის იმპორტი და შემდგომ საქართველოდან ექსპორტი) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ამავე პროდუქტის იმპორტიორ კომპანიას არ შეუძლია განაცხადის შეტანა კონკურენციის სააგენტოში შესაძლო დემპინგის დასადგენად.

- „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონი ზედმეტად მკაცრია?

- იცით, ევროკავშირის კანონმდებლობა იცნობს დამხმარე ტიპის მექანიზმებს. სწორედ ასეთი ტიპის ინსტრუმენტებით, მათ შორის, დემპინგურ კანონმდებლობასთან ერთად, იცავენ ადგილობრივი წარმოებას. ამიტომ ამ საკითხზე კონკურენციის სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან ვფიქრობთ გავაგრძელოთ აქტიური კომუნიკაცია. გვსურს, მაქსიმალურად ქმედითი მექანიზმი გვქონდეს ბაზარზე, რითაც იმპორტის დროს, ბაზარზე არათანაბარი და უსამართლო ვაჭრობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ადგილობრივი წარმოების დაცვა შევძლოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები