მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აიკრძალა ილონ მასკის X ბრაზილიაში?

ილონ მასკი / ბრაზილია

ბოლო პერიოდში, მსოფლიოში დიდი სოციალური ქსელების და მათი დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მომრავლდა. რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ხელისუფლებამ Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი დააკავა, ხოლო ახლა, მორიგი განსაცდელის წინაშე ილონ მასკი აღმოჩნდა. ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ანუ ილონ მასკის სოციალური ქსელი X - სამხრეთამერიკულ ქვეყანაში აკრძალულ სერვისად რჩება.

სასამართლო დავა, რომელიც ბრაზილიის სახელმწიფოს და ილონ მასკის სოციალურ ქსელს შორის მიმდინარეობს, ახალი არ არის. პირიქით, დავა დიდი ხანია გრძელდება და ის ორი ადამიანის - ილონ მასკისა და ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ დე მორაეშის პირად დაპირისპირებას ჰგავს. დავამ ბევრი ფაზა გამოიარა, მაგრამ რეალურად ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ილონ მასკმა ბრაზილიაში ცნობილი და ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე კონკრეტული პირის ანგარიშების დაბლოკვაზე უარი განაცხადა.

ალექსანდრ დე მორაეშსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მოსამართლემ ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომლის მიზანია დაადგინოს, დაარღვია თუ არა მილიარდერმა ქვეყანაში არსებული რამდენიმე კანონი. თავად ეს ფაქტი, ილონ მასკის მიერ X-ში გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატუსს უკავშირდება, რომლებშიც მილიარდერი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს და რამდენიმე ცნობილ ბრაზილიელს X-ის ანგარიშებზე წვდომას მაინც აღუდგენს, რადგან, როგორც ის ამბობს, X არის პლატფორმა, სადაც სიტყვის თავისუფლება დაცულია.

თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მანამ, სანამ ბრაზილიაში X-ის სერვისები აიკრძალებოდა, ალექსანდრ დე მორაეშმა ილონ მასკს სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებისკენ და X-ისთვის ბრაზილიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნისკენ მოუწოდა, რაც ილონ მასკმა არ გააკეთა, რადგან მოსამართლე, მისი თქმით, სიტყვის თავისუფლებას პოლიტიკური მიზნებით ანადგურებს და სოციალური ქსელისთვის ცენზურის დაწესებას ცდილობს.

საინტერესოა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის მეტი წონის შესაძენად, ალექსანდრ დე მორაეშმა მისი განხილვა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს ხუთი წევრისგან შემდგარ კოლეგიას სთხოვა, რომელმაც ის ერთხმად დაადასტურა. ილონ მასკის ქმედებებს კიდევ ერთი მოსამართლე, ფლავიო დინო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ X-ის საბანკო ანგარიშზე არსებული დიდძალი თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს წინაპირობად იმისა, რომ სოციალური ქსელი კანონზე მაღლა აღმოჩნდეს.

სოციალური ქსელის, ისევე, როგორც ვებგვერდის ან ინტერნეტში არსებული სხვა მსგავსი სერვისის აკრძალვა ჭეშმარიტად რთულად აღსასრულებელი გადაწყვეტილებაა, რადგან VPN-ების გამოყენებით ადამიანები სასურველ ვებგვერდებს მაინც იყენებენ. ალექსანდრ დე მორაეშის თავდაპირველ განჩინებაში ამ პრობლემის აღმოფხვრის გზად ბრაზილიაში VPN-ების აკრძალვა იყო, მაგრამ მოგვიანებით, მოსამართლემ ეს პუნქტი ამოიღო და VPN-ის საშუალებით X-ის გამოყენებისთვის ჯარიმა დააწესა, რომელიც დღეში დაახლოებით $8,900-ის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები