ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი "უწყებათაშორის შეთანხმების სტანდარტულ პროცედურებს გადის".
ასე უპასუხეს მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში BMG-ის კითხვას - რატომ ამოიღო მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან.
საუბარია საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) ინიციატივით და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა გაინაწილონ განახლებადი ენერგიის პროექტებიდან (მზე, ქარი, ჰიდრო) მიღებული სარგებელი ინვესტორმა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და იმ დასახლებამ, სადაც ელექტროსადგური შენდება. კანონპროექტის მიზანია, განახლებადი ენერგიის პროექტების მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა.
"პროექტი ამ ეტაპზე გადის უწყებათაშორის შეთანხმების სტანდარტულ პროცედურებს, რომლის დასრულების შემდეგ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში განსახილველად", - ნათქვამია სამინისტროს წერილობით პასუხში, მაგრამ გაუგებარია, რატომ გახდა აღნიშნული საჭირო, როდესაც GREDA-ს კანონპროექტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მისაღები კანონპროექტების გეგმაში იყო, თუმცა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ისე დაასრულა მუშაობა, რომ მთავრობას (ეკონომიკის სამინისტროს) კანონპროექტი პარლამენტში არ შეუტანია და შესაბამისად, არც მიუღიათ.
მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან ამოიღო
























