მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აქვს დაბალი ათვისება მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამას

5bd07c8fb8d60
თამუნა დემეტრაშვილი
24.10.18 18:06
722
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამისთვის განკუთვნილი 10 მილიონი ლარიდან, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 407 000 ლარი, ანუ 4%-ია დახარჯული. რატომ აქვს პროგრამას ათვისების ასეთი დაბალი აჩვენებელი, - ამ კითხვით bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა, პროგრამის ფარგლებში წამლების შესაძენად უკვე გამოცხადებულია ტენდერები და თანხები წლის ბოლომდე ათვისებული იქნება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აქამდე ბენეფიციარები გასული წლის ბიუჯეტის ფარგლებში შეძენილ მედიკამენტებს მოიხმარდნენ და წამლის დეფიციტი პროგრამის ფარგლებში არ ყოფილა.

"მიმდინარე წლიდან, გასული წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მუშაობა დავიწყეთ პროგრამის გაფართოვებაზე. სექტემბრიდან 23 მედიკამენტის ნაცვლად უკვე 43 მედიკამენტზე გავრცელდება პროგრამა, მათ შორის კომბინირებულ მედიკამენტებზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაა გათვალისწინებული“-განაცხადა ლაგვილავამ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, 30 ათასამდე ბენეფიციარია დარეგისტრირებული, მაშინ როცა შარშან, პროგრამის დაწყების წელს - 13 ათასი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან, წამლის შეღავათიან ფასებში შეძენის საშუალება სოციალურად დაუცველი ქრონიკული პაციენტების გარდა, უკვე პენსიონერებსა და შშმ პირებსაც შეუძლიათ.

მაია ლაგვილავამ Bm.ge-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ უწყების მოლოდინი არ გამართლდა და პროგრამაში უფრო ნაკლები პაციენტები დარეგისტრირდნენ, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. მინისტრის მოადგილე ამის მიზეზად, გარკვეულ ბარიერებს ასახელებს, რაც მისი აზრით, იმის გამო წარმოიქმნა, რომ პროგრამა ახალია, ამის მიზეზია ათვისების დაბალი მაჩვენებელიც. ლაგვილავა ამბობს, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ყველა ბენეფიციარი მოვიდოდა და ჩაერთვებოდა, ვნახეთ რომ ყველა ვერ ჩაერთო, რადგან ნებისმიერ სიახლეს თან ახლავს თავისი გამოწვევები და ბარიერები, ამის მოგვარებას გარკვეული პერიოდი სჭიდებოდა, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც დაკვირვება, გაანალიზება და ამ ბარიერების მოხსნაზე მუშაობა. ახლა პაციენტი მიდის ექიმთან, შემდეგ დასარეგისტრირებლად სოციალური მომსახურების სააგენტოში, შემდეგ კი აფთიაქში. ვცდილობთ ეს ბარიერი, რაც არის მომსახურების სააგენტოში მისვლა-გავამარტივოთ, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც ვზრდით, რომ ყველა რაიონში და უბანში იყოს აფთიაქი, სადაც წამლის მიღება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ლაგვილავამ.

მისი განცხადებით, თუკი წელს მხოლოდ პე-ეს-პეს აფთიაქებში არის წამლის მიღების საშუალება, მომავალ წელს ეს ნებისმიერ აფთიაქში იქნება შესაძლებელი.
"შარშან, როცა პროგრამა დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით 69 აფთიაქი იყო ჩართული, ახლა 96-მდეა, მომავალ წელს კი ნებისმიერ აფთიაქში იქნება წამლის მიღება შესაძლებელი", - განაცხადა ლაგვილავამ.

მისი განცხადებით, ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთოს პროგრამაში და მათი აფთიაქების საშუალებით მოხდეს წამლების მიტანა პაციენტებამდე. ლაგვილავა ამბობს, რომ ლოგისტიკისთვის ტენდერი აღარ გამოცხადდება და მას, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სააფთიაქო ქსელები განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ წამლის პროგრამა 4 ჯგუფის ქრონიკულ დაავადებაზე ვრცელდება, ესენია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, რესპირატორული დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები