ბიზნესმენი ზურაბ ერისთავი მიიჩნევს, რომ თავისუფალი სასამართლოს სურვილი საკმარისი არაა და იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს საზოგადოების ზრდაა საჭირო. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზურაბ ერისთავი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დროს უსამართლობამ პიკს მიაღწია, "ქართულმა ოცნებამ" კი მისგან გადაბარებული სასამართლო ნაცვლად იმისა, რომ გაეწმინდა, შეისისხლხორცა.
"ჩვენ გვიკვირს, რატომ არ არის სასამართლო თავისუფალი. ეს გაკვირვება ძალიან მიამიტურია.
მე, ჯერ კიდევ, კომუნისტურ წყობაში დავიბადე, სადაც სასამართლო არ და ვერ იქნებოდა თავისუფალი. ვინც ჩემი ასაკის ხართ, გხსომებათ, იმ დროინდელი, "ფულიანი" პროკურორ-მოსამართლეები და მათი ბედის მოშურნე, ჩვენი თანატოლები, რომლებიც "იურიდიულზე" მხოლოდ იმიტომ აბარებდენ, იმიტომ რომ "ფული ეშოვათ". ცხადია, ყოველთვის იყვნენ გულიანი და სინდისიანი ხალხი ამ სფეროში, მაგრამ რა იყო მათი თავისუფლების ხარისხი?!
შემდეგ იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი. ყველას ხელში სასამართლო იარაღი იყო. სააკაშვილის დროს უსამართლობამ პიკს მიაღწია. სწორედ ამ პიკში გადაიბარა "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო და ნაცვლად იმისა, რომ გაეწმინდა ის, პირიქით, შეისისხლხორცა. ძველი რეჟიმის მოსამართლეები და პროკურორები დაწინაურდნენ კიდეც. იქნებ მე არ ვიცი და რომელიმე პროკურორის ან მოსამართლის მიმართ არის აღძრული საქმე და დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი?
ახლა მოდი "მოსამართლის" მხრიდან შევხედოთ ამ ლოგიკას. ის ფიქრობს, სასამართლო არასდროს ყოფილა თავისუფალი და რაღა მე დავეტაკო სისტემას? დამირეკავენ და იმას ვიზამ, რასაც დამავალებენ (სხვა გზა მაინც არ მაქვს). რა, მე ვარ პირველი ან უკანასკნელი? მე რომ ეს არ გავაკეთო, სხვა ამას არ გააკეთებს ჩემს ნაცვლად?
იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალი სასამართლოს სურვილი (თუნდაც გულწრფელი) არაა საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს. ამისთვის სრულიად სამოქალაქო პასუხისმგებლობის, კრიტიკულობის, პასუხის მომთხოვნელთა არმიის ანუ საზოგადოების ზრდაა საჭირო.
მგონია, რომ ახლა პირველად ვდგავართ ამ სწორ გზაზე.
გაუმარჯოს პასუხისმგებლიან მოქალაქეს და პასუხისმგებლიან საზოგადოებას!",- წერს ზურაბ ერისთავი.


























