საქართველოში იტალიის ელჩის ინფორმაციით, იტალიურმა კომპანიამ, რომელსაც თბილისში კერამიკული ჭურჭლის საწარმო უნდა აეშენებინა, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაიფიქრა.
ანტონიო ენრიკო ბარტოლის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა პრობლემები როგორც - ადგილობრივი პარტნიორების მოძიების, ისე ფინანსური ოპერაციების თვალსაზრისით, ამიტომ მათ ბიზნესის სომხეთში გადატანა გადაწყვიტეს.
„რატომ სომხეთში? - იმიტომ, რომ იქ უფრო ოპტიმალური პირობები შესთავაზეს. მათ საქართველოში სანდო პარტნიორის მოძიება ვერ შეძლეს. გარდა ამისა, გარკვეული პრობლემები ჰქონდათ კაპიტალის საქართველოში გადმოტანის კუთხითაც. მე ბოლომდე არ ვარ ჩახედული ამ საკითხებში, რადგან ეს გადაწყვეტილება მათ ფაქტობრივად სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს“, - განაცხადა ელჩმა.
მისივე ინფორმაციით, საწარმო დასაწყისისთვის 60-მდე ადამიანის დაასაქმებას გეგმავდა და სამომავლოდ წარმოების გაფართოებასაც განიხილავდა.

























