MBC-ის გენერალური დირექტორი მიკრობანკების სეგმენტში ახალი მოთამაშეების გამოჩენას მომავალ ერთ-ორ წელიწადში ვარაუდობს.
გია პეტრიაშვილი „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ დღესაც ჩანს მიკროსაფინანსო ბაზარზე რამდენიმე კომპანია, რომლებსაც აქვთ პოტენციალი მიკრობანკის ლიცენზია მიიღონ, თუმცა მათ ბიზნეს მოდელის გადაწყობა და პორტფელში ბიზნეს სესხების წილის გაზრდა მოუწევთ. მიკრობანკის MBC გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ყველაზე სასურველია ბაზარზე შემოსვლის სურვილი უცხოურმა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვას, რაც იქნები ნათელი დასტური რომ მოდელი მიმზიდველია არა მხოლოდ შიდა არამედ საერთაშორისო მოთამაშეებისთვის.
„ვფიქრობ, დღეს არის მიკროსაფინანსო სექტორში რამდენიმე კომპანია, რომელსაც სამომავლოდ მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების სურვილი შეიძლება გაუჩნდეს. ამისათვის ბიზნეს მოდელის რესტრუქტურიზაცია იქნება საჭირო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა დღეს სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტებია. მიკრობანკის მთავარი მანდატი კი არის, რომ სესხების ნახევარზე მეტი ბიზნეს და აგრო-სესხები უნდა იყოს. თუ ისინი შეძლებენ ასეთი ცვლილების განხორციელებას, სხვა კრიტერიუმებით (ვგულისხმობ კაპიტალის ზომას და თვითონ პორტფელის ზომას) უკვე დააკმაყოფილებენ მიკრობანკის მოთხოვნებს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში ჩვენ ვიხილოთ კიდევ ახალი მსურველები. პირადად მე მოუთმენლად ველი, რომ არა მხოლოდ საქართველო შიგნით, არამედ საქართველოს გარედან, ანუ რომელიმე საერთაშორისო მოთამაშემ, ფინანსურმა ინსტიტუტმა მოინდომოს მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვება საქართველოში. ეს იქნება პირდაპირი და ყველაზე ნათელი დასტური იმისა, რომ მოდელი და მარეგულირებელი ჩარჩო არის მიმზიდველი არა მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეებისთვის, არამედ საერთაშორისო მოთამაშეებისთვისაც“, - ამბობს გია პეტრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიკრობანკებმა 2026 წლის წლის პირველი ნახევარი მოგებით დახურეს. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემებით მიკრობანკების ჯამური წმინდა მოგება 10.5 მლნ ლარამდე იყო.
ბაზარზე ამ ეტაპზე 2 მიკრობანკია. მათ შორის, მიკრობანკი "კრისტალი" 691.2 მლნ ლარის აქტივებით სექტორში მე-11 პოზიციაზეა, MBC-ის კი, 209 მლნ ლარის აქტივებით საბანკო სექტორში მე-17 პოზიცია უჭირავს.
ბაზრის ამ ახალ მოთამაშეებს ჯამში 771 მლნ ლარის სესხები აქვთ გაცემული და 58.3 მლნ ლარის დეპოზიტები აქვთ მოზიდული.
დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველოს საბანკო ბაზარზე მიკრობანკების წილი ჯერ 1 %-ზე ნაკლებია.




























