საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ქართული კერძო სექტორისგან საქმიან შემოთავაზებებს არ ელოდება.
როგორც ქობალიამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, მას საქმიანი წინადადებები, ჯერჯერობით, არ მიუღია.
„არა მგონია, ქართული კერძო სექტორისგან შემოთავაზება მივიღო (იღიმის), რადგან ჩვენ ძალიან პოლიტიზირებულები ვართ. მე მგონი, ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ტექნოკრატი იყავი თუ არა, მაინც ყველას პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ. ალბათ გასაგები არის, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ არ უნდა იყოს გასაგები. მე ვარ ადამიანი, რომელიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემი ქვეყანისთვის; მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, რადგან ბევრი ადამიანი და არა მარტო ისინი, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, წავიდნენ საზღვარგარეთ, აშშ-ში და ნულიდან დაიწყეს მუშაობა. ძალიან საწყენია ასეთი ადამიანების დაკარგვა“, - აცხადებს ქობალია.
ცნობისთვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს ბოლო 2 წელი ინდონეზიაში, ინდონეზიის მთავრობის საერთაშორისო მრჩევლის პოზიცია ეკავა და მისი ფუნქცია ადგილობრივის ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმების გატარება იყო.
ვერა ქობალიას აქვს საკუთარი საკონსულტაციო კომპანია „Kobalia Consulting“ და თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. მათ შორისაა: ფილიპინები, ახალი ზელანდია, ჰონკონგი, საუდის არაბეთი, ინდონეზია და ა.შ. როგორც თავად ამბობს, კონკრეტულ პროექტებში გადაკვეთა ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის საკონსულტაციო კომპანია Reformatics-თანაც ჰქონია.

























