ისრაელსა და ირანს შორის მომხდარი კონფლიქტის ფონზე ნავთობზე გლობალური ფასები დიდად არ შეცვლილა. მართალია, ივნისის დასაწყისში, ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმებისას ფასები მცირედით გაიზარდა, თუმცა რიცხვები საწყის მაჩვენებელს მალევე დაუბრუნდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზები, ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებში ნავთობის წარმოების გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოების მიერ საწვავის მიმწოდებლების დივერსიფიცირება გახდა. ამას გარდა, გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიერ, ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად ბაზრისთვის ნავთობის მილსადენებით მიწოდების გაზრდამ ვითარება დამატებით დაასტაბილურა და შეამცირა რისკები, რომლებიც ირანის მიერ სრუტის დაკეტვასთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული.
ჯერჯერობით, ირანი თავს იკავებს მსგავსი მუქარების განხორციელებისაგან. ამას ნაკლებად მოელის ბაზარიც. ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება $81 დოლარამდე მხოლოდ მცირე ხნით გაიზარდა და ომამდელ ნიშნულს მალევე დაუბრუნდა. შესაბამისად, მიწოდების პრობლემა არ დამდგარა.
რაც ირან-ისრაელის 12-დღიანმა კონფლიქტმა გვიჩვენა, არის ის, რომ ახლო აღმოსავლეთს, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასების განსაზღვრის ძველებური ძალა აღარ აქვს. საერთაშორისო ენერგო-ბაზარი უფრო გაძლიერდა და ინვესტორებიც მსგავს დაპირისპირებებს არა როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შოკს, არამედ ხანმოკლე პრობლემას განიხილავენ.




























