მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ არ იმუშავა დაცვის სისტემამ?" - რა კითხვებს უნდა უპასუხოს სემეკის მოკვლევამ ზაფხულის "ბლექაუთებზე"|ინტერვიუ

არჩილ მამათელაშვილი

ზაფხულში, 24-25 ივლისს, ქვეყნის ორჯერ ჩაბნელების მიზეზებს სემეკი ჯერ კიდევ იკვლევს - საბოლოო დასკვნა, ჯერჯერობით, საჯარო არაა და 21 ოქტომბრის სხდომაც გადაიდო, თუმცა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მედიას უთხრა, რომ 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ამიტომ კომპანიები დაჯარიმდებიან, თუმცა არ ჩამოუთვლია, ვის მოუწევს სანქციის მაქსიმალური ოდენობის - 75 000 ლარის გადახდა თითოეულ შემთხვევაზე. თავის მხრივ, ენგურჰესის მმართველი სახელმწიფო კომპანია "ენგურჰესის" მენეჯმენტისგან ცნობილი გახდა, რომ 24-25 ივლისს, მთელი საქართველოს ჩაბნელებისას, ენგურჰესის N1, N3, N4 და N5 გენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებდნენ. საინტერესოა, კიდევ ერთი გარემოება - სემეკის მიერ "ბლექაუთების" მოკვლევისას ცნობილი გახდა, რომ 4 ივლისს, როდესაც ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში მუშაობდა, „ენგურჰესის“ მე-2 და მე-5 აგრეგატები ძაბვას არეგულირებდნენ, ხოლო 1-ელი, მე-3 და მე-4 აგრეგატები მათ საპირისპიროდ მოქმედებდნენ. "სსე-ს დაუყოვნებლივ უნდა მოეთხოვა ენგურჰესის აგრეგატების ტესტირება", - აცხადებდა სემეკის მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი თორნიკე აფრიაშვილი 4 აგვისტოს სემეკის სხდომაზე. ჯერჯერობით, უცნობია, რა ზომები გაატარეს სსე-მ და ენგურჰესმა 4 ივლისს გამოვლენილი ამ სერიოზული ხარვეზის შემდეგ.

როგორ იყო შესაძლებელი სისტემური ავარიების გადაზღვევა? ვინ არის პასუხისმგებელი ორ “ბლექაუთზე” და რა არის მთავარი კითხვები, რასაც სემეკის მოკვლევამ პასუხები უნდა გასცეს - ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ენერგეტიკოსმა არჩილ მამათელაშვილმა ისაუბრა.

მისი შეფასებით, მთავარი პრობლემა სისტემის მედეგობაში, სათადარიგო დაცვის მექანიზმების გაუმართაობასა და სემეკის მიერ დადგენილი „ცხელი რეზერვების“ ჩაურთველობაში მდგომარეობს. ენერგეტიკოსის თქმით, საქართველოს მცირე ენერგოსისტემას განახლებადი ენერგიების ზრდასთან ერთად სერიოზული ინვესტიციები და ტექნიკური გადაიარაღება სჭირდება. “პირველი და უმთავრესი კითხვაა: რატომ შეიქმნა ოთხ ენერგობლოკზე (გენერატორზე) ერთდროულად ასეთი პრობლემა?!” - კითხვას სვამს ენერგეტიკოსი.

ინტერვიუ არჩილ მამათელაშვილთან

- სამთვიანი მოკვლევის მიუხედავად, სემეკის ოფიციალური დასკვნა ჯერ საჯარო არ არის, თუმცა ითქვა, რომ სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თქვენი შეფასებით, რა იყო ზაფხულში ქვეყნის ჩაბნელების მთავარი მიზეზი?

- სამწუხაროდ, ზუსტ და დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ მანამ, სანამ სემეკის ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახდება. თუმცა, ამჟამად არსებული ინფორმაციით, როგორც “ენგურჰესის” ხელმძღვანელი ამბობს, ენგურჰესმა ვერ იმუშავა ისე, როგორც საჭირო იყო. ენგურჰესის ხელმძღვანელობაც ადასტურებს, რომ ოთხმა ტურბინამ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა, რამაც მთელი სისტემის გათიშვა გამოიწვია.

რა თქმა უნდა, ენერგოსისტემას აქვს თავისი მკაცრი ნორმატივები, რომლებიც მსგავსი ფორსმაჟორული შემთხვევებისთვის ე.წ. „ცხელ რეზერვს“ (მბრუნავ რეზერვს) ითვალისწინებს. სწორედ ამ რეზერვების მეშვეობით უნდა შეეძლოს სისტემას სიხშირის შენარჩუნება და ავტომატური აღდგენა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სათადარიგო დაცვის სისტემებმა სემეკის მიერ დადგენილი წესების მიხედვით ვერ იმუშავა. დეტალური ანალიზის შემდეგ უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა ეს - სისტემა ენერგიის მიწოდებას ნულზე არ უნდა თიშავდეს, არსებობს შესაბამისი ტექნიკური პარამეტრები, რომლებიც უნდა სრულდებოდეს.

- მომავალში მაინც როგორ არის შესაძლებელი „ბლექაუთების“ თავიდან აცილება?

- ორივე მხარემ - ენგურჰესმაც და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამაც (სსე) - აქტიურად უნდა იმუშაოს ქსელის კომუნიკაციისა და ტექნიკური ნაწილის გაუმჯობესებაზე. რეზერვები, რომლებიც ქსელში უნდა გვქონდეს, ან არ არსებობს სათანადო დონეზე, ან თუ არსებობს - ვერ იმუშავა ავტომატური აღდგენის სისტემამ. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან მზარდია განახლებადი ენერგიების წილი და მოხმარება, შესაბამისად, თავად სისტემას სჭირდება განახლება და ინტეგრაციის მექანიზმების დახვეწა. ენერგოსისტემას სერიოზული ინვესტიციები ესაჭიროება, რათა ეს ხარვეზები საბოლოოდ აღმოიფხვრას.

- ვისი პასუხისმგებლობაა 24-25 ივლისს საქართველოს ჩაბნელება?

- ნებისმიერ ფაქტს აქვს შესაბამისი ტექნიკური განმარტება და ახსნა, მიუხედავად იმისა, ეს მოვლენა პოზიტიურია თუ ნეგატიური. კონკრეტულად ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ, სანამ საბოლოო კვლევის შედეგები არ გახდება ცნობილი. თუმცა ზოგადად, პასუხისმგებლობა პირდაპირ ნაწილდება იმ მხარეებზე, რომლებიც სისტემის მედეგობაზე არიან პასუხისმგებელნი - იქნება ეს ენგურჰესი, ელექტროსისტემა თუ ნებისმიერი სხვა ჩართული კომპანია.

- ანუ ენგურჰესი და სახელმწიფო ელექტროსისტემა არიან ძირითადი პასუხისმგებლები?

- დიახ, ენერგოსისტემის მდგრადობასა და მედეგობაზე პასუხისმგებლობა ძირითადად სწორედ მათზეა.

- ენგურჰესის მენეჯმენტისგან ცნობილი გახდა, რომ გენერატორების აგზნების სისტემა და ძაბვის რეგულატორი 2006-2012 წლებიდან მუშაობს. სახელმწიფო კომპანიამ ახალი ძაბვის რეგულატორები მხოლოდ ავარიის შემდეგ იყიდა. არ შეიძლებოდა ტექნიკური დანადგარების დროული განახლება და, შესაბამისად, „ბლექაუთის“ პრევენცია?

- ნებისმიერ ენერგოობიექტზე - და მით უმეტეს ენგურჰესზე - რეგულარულად მიმდინარეობს ტექნიკურ-საექსპლუატაციო შემოწმებები. როდესაც ვლინდება ტექნიკური ხარვეზი, დროულად უნდა მოხდეს მიმართვა შესყიდვების სააგენტოსა თუ მარეგულირებლისთვის და დანადგარებიც უნდა განახლდეს. ეს სტანდარტული პროცესია. თავად ენგურჰესს აქვს საკმაოდ მკაცრად გაწერილი საექსპლუატაციო ნორმები და ნორმატივები. შესაბამისად, მოკვლევამ უნდა დაადგინოს, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა ამ პროცესების მართვისას.

- შპს „ენგურჰესის“ ინფორმაციითვე, 24-25 ივლისის სასისტემო ავარიები განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს, როცა დაირღვა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან პარალელური მუშაობის რეჟიმი. მარტივად რომ ავხსნათ - რას ნიშნავს ეს, საქართველოს ენერგოსისტემას დამოუკიდებლად მუშაობა არ შეუძლია?

- რაც უფრო დიდია ენერგოსისტემა, მით ნაკლებად მოქმედებს რომელიმე ერთი აგრეგატის გათიშვა მის საერთო მდგრადობაზე; როდესაც ჩვენი შედარებით მცირე სისტემა დამოუკიდებლად მუშაობს და მასში ენგურჰესის მსგავსი გიგანტი ობიექტი ითიშება, ეს სისტემისთვის უზარმაზარი დარტყმაა. თუმცა თუ ჩვენი ქსელი მიერთებულია აზერბაიჯანის ბევრად დიდ ენერგოსისტემასთან (რომელიც ჩვენსაზე რამდენჯერმე დიდია), ენერგიის დანაკლისი ასე მწვავედ აღარ აისახება და დაცვის მექანიზმებიც ბევრად იოლად უმკლავდებიან. სწორედ ამიტომ არის პარალელურ რეჟიმში მუშაობა ბევრად სტაბილური.

შეუძლია თუ არა საქართველოს ენერგოსისტემას დამოუკიდებლად მუშაობა? - რა თქმა უნდა, შეუძლია. უბრალოდ, ასეთ დროს ხარვეზების მიმართ სისტემა ბევრად უფრო მოწყვლადია - თუ საქართველოს სისტემა იზოლირებულად მუშაობს, დაახლოებით 10-15%-იანი დანაკლისიც კი უკვე ქსელის სრულ გათიშვას იწვევს. ამდენად, პარალელური რეჟიმი სიხშირის დასარეგულირებლად და სტაბილურობისთვის ბევრად უფრო ეფექტურია.

- სემეკის მოკვლევის პარალელურად, ვიცით, რომ გამოძიებას აწარმოებს სუსიც - საბოტაჟის მუხლით. დღეს არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საბოტაჟის ვერსია უნდა გამოირიცხოს?

- ვერ გეტყვით. თუ უკვე დადგენილია, რომ ბლექაუთის მიზეზი აღდგენის სისტემების გაუმართაობა და ტექნიკური პრობლემა იყო, საბოტაჟი ნაკლებად სავარაუდოა. თუ ეს ტექნიკური ხარვეზია, მას საბოტაჟთან კავშირი, სავარაუდოდ, არ აქვს.

- რა არის თქვენი, როგორც პროფესიონალი ენერგეტიკოსის მთავარი კითხვები, რაზედაც პასუხებს სემეკის საბოლოო მოკვლევის დოკუმენტში ელით?

- პირველი და უმთავრესი კითხვაა: რატომ შეიქმნა ოთხ ენერგობლოკზე ერთდროულად ასეთი პრობლემა? ეს არ არის ისეთი ხარვეზი, რაც ყოველდღიურად ან სისტემატურად უნდა ხდებოდეს. მეორე კითხვა: რატომ ვერ იმუშავა სათადარიგო დაცვის სისტემამ და სიხშირის შენარჩუნების მექანიზმმა დროულად? თუ მოხდა შეცდომა - ადამიანური თუ ტექნიკური - ეს შეიძლება ერთხელ მოხდეს, მაგრამ რატომ არ გამოსწორდა და რატომ მიიღო განმეორებადი ხასიათი? ქსელის აღდგენის პროცესი საკმაოდ ძვირი ჯდება და, ამასთან, შეიძლება სისტემაში შემავალი სხვა აგრეგატებიც დააზიანოს. ამიტომ, ზუსტად უნდა გამოიკვლიონ, რა ტექნიკურმა მიზეზმა გამოიწვია ოთხივე აგრეგატის გათიშვა და რატომ ვერ იზრუნა დაცვის სისტემამ ამის პრევენციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები