სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში მივიდა. მან კომიტეტის სხდომაზე განმარტება გააკეთა იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიაჩნია საჭიროდ TBC ბანკის საქმეზე და სებ-ის მიერ განხორციელებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე ღიად ისაუბროს.
გვენეტაძის შეფასებით, "პარლამენტში ასეთი ფორმით გადაწყვეტილების განხილვა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა"
"თიბისის საკითხი იყო განხილვის საგანი საზოგადოებაში. თიბისი ბანკთან, რომლის რეგულატორიც ვართ ჩვენ, ისევე როგორც საქართველოში არსებული სხვა ბანკებისა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ თიბისი ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის დავები არ არსებობს. რაც ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, პირადად ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რამაც შეიძლება ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენოს. პირველ რიგში, მე ვზრუნავ ბანკზე, ფინანსურ სექტორზე, აქედან გამომდინარე, სანამ არ გაკეთდა განცხადება სებ-ის და თიბისის მხრიდან, დამატებითი ინფორმაცია არ განგვიცხადებია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ გამოვაქვეყნეთ დამატებითი ინფორმაცია. აბსოლუტურად ნათელი იყო, რა გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და გავლენის მოხდენის მცდელობა", - განაცხადა მან.

























