თუ თქვენ ძუძუს კიბოს სკრინინგი გაკეთებული გაქვთ, დარწმუნებული იყავით, რომ 4-5 ადამიანის სიცოცხლე გაქვთ გადარჩენილი, - ამის შესახებ გადაცემა „ჯანდაცვის სტანდარტში“ კლინიკურმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა თამარ თანდაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ფაქტორია, რის გამოც არ მიდიან ძუძუს კიბოს სკრინინგზე:
„პირველი არის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფსიქოსოციალური. საქართველოში სამედიცინო თვითზრუნვის კულტურა პირველ ნაბიჯებს დგას. ეს არ არის ჩვენი ენდემური კულტურის ნაწილი, ამიტომაც ადამიანების მიდგომა ხშირად არის ფატალური - რაიმე თუ უნდა დამემართოს, დამემართება - ასეთი მიდგომაა.
მეორე - არის პირწმინდად ფსიქოლოგიური, რომელიც ინდივიდს ეხება. ადამიანებს ძალიან არ გვიყვარს საკუთარი თავის წარმოდგენა, როცა ვართ დაბნეული და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ახლა მე აღვწერე მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ვარდება, როცა მას უმჟღავნებენ დიაგნოზს. მისი პირველი რეაქცია არის - ახლა რა გავაკეთო? მოიცავს შიში, დაბნეულობა და არ არის სახარბიელო. ადამიანს გააჩნია ემპათია საკუთარი თავისადმი, ამიტომაც არ გვინდა ხოლმე საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ ამ მდგომარეობაში, ვინაიდან გვეცოდება.
მესამე - ეს ფსიქოლოგიურიცაა და ისტორიულ-კულტურულიც. ქართულ საზოგადოებაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მეტნაკლებად ენდობიან, თუკი მათ იციან ვისთან მიდიან და რომელ ინსტიტუციასთან აქვთ საქმე. თუკი მათ აქვთ გამოცდილება კონკრეტულ ექიმებთან, ისინი არიან ერთგული პაციენტები, მაგრამ თუ საქმე ეხება გაურკვევლობას, როცა მე არ ვიცი რომელ ჰოსპიტალში მივდივარ, რომელი ექიმის ხელში უნდა ჩავვარდე - და სკრინინგი შეიძლება ასეთი იყოს - ადამიანების ნდობის ხარისხი არის დაბალი. ასე რომ, ნდობის ნაკლებობა შეიძლება დავასახელოთ მესამე მიზეზად იმისა, თუ რატომ არ მიდიან ქალები ძუძუს კიბოს სკრინინგზე“.
ამას გარდა, როგორც თამარ თანდაშვილმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია მაყურებელმა ეს ნაბიჯი გადადგას, რითიც სხვა ადამიანების აყოლიებასაც შეძლებს.
„მინდა, რომ ჩვენმა მსმენელებმა გადაცემის დასრულების შემდეგ, გახსნან ინტერნეტი და აკრიფონ ძუძუს კიბოს სკრინინგი და ნახონ, რა არის და რისკენ ვეპატიჟებით. ასევე, მოვუწოდებ მაყურებელს, თავის გარშემო ენახათ ადამიანი, ქალი, ოჯახის წევრი, მეგობარი, რომლისთვისაც ენდომებოდათ, რომ ძუძუს სკრინინგი გაეკეთებინათ, ვინც ეძვირფასებათ და ვისთვისაც დაავადება არ ემეტებათ. ვნახოთ, ასეთი ადამიანის წაყვანა თუ რამენაირად იმოქმედებს ჩვენს ქცევაზე, ვფიქრობ, იმოქმედებს. ერთად ამის გაკეთება არის გაცილებით ადვილი. ზოგადად, ჩვენს სოციუმში თუ ძუძუს სკრინინგი ერთ ადამიანს მაინც აქვს გაკეთებული, მიდრეკილი ვართ, რომ გავიმეოროთ მისი ქცევა, ადამიანები ასეთები ვართ“, - აღნიშნა მან.




























