აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო ნაკლებად მოგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს, - ასე განმარტავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს არც ვეტო დაადო და არც ხელი მოაწერა.
"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს და აღნიშნული კანონი დაუბრუნა პარლამენტს. განხორციელებული ცვლილებებით საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა ადრე მოქმედი მოდელით ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო ნაკლებად მოგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.
პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომლებიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს საქართველოს მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით კანონის დაბრუნებას ე.წ ვეტოს. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას აგზავნის კანონს უკან პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის კანონს დღესვე მოაწერს ხელს.