მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ მოხვდა ირაკლი ყანდაშვილი სიფა-ს მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის?

სიფა

"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის" (სიფა) განმარტებით, მათი ღირებულებები თანხვედრაში მოდის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ორ კანდიდატთან - ირაკლი ჩომახაშვილთან და მუხრან ღურწკაიასთან. ამის შესახებ სიფა-ს გუნდის სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატმა შალვა ბუავამ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ მოხვდა ირაკლი ყანდაშვილი სიფა-ს მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის, შალვა ბუავამ განმარტა, რომ საუბარია მხოლოდ ღირებულებით თანხვედრაზე და არა რაიმე პიროვნულ საკითხზე.

"პირად ინტერესებთან დაკავშირებით არ არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ღირებულებითი ინტერესების თანხვედრასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ბატონ ირაკლისთან და ბატონ ღურწკაიასთან ჩვენ მხოლოდ ეს ინტერესები გვაკავშირებს, რომ სიფა-ს ხედვა და მათი ხედვა ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა და სამივე მხარემ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და დღესდღეობით ეს ამ საარჩევნო კამპანიაში ისახება. საკმაოდ მშვიდად, ეთიკურ ფარგლებში მიმდინარეობს ჩვენი კამპანია და, შესაბამისად, არავის პირად ინტერესებზე არ ვაგებთ ჩვენს კამპანიას",- განაცხადა შალვა ბუავამ.

თავის მხრივ, სიფა-ს გუნდის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატმა ანა რეხვიაშვილმა ხაზი გაუსვა ასოციაციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, ასოციაციის ყველა ფუნქცია შინაარსს მოკლებული იქნება, თუ ის სახელისუფლებო რგოლებთან დამოკიდებულ ურთიერთობაში იქნება.

"მნიშვნელოვანია გააზრება, რომ ადვოკატები არ ვართ საჯარო მოხელეები. ადვოკატის პროფესია არის თავისუფალი. ჩვენი ვალდებულებების, უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლებელია თუ ჩვენი ასოციაცია მჭიდრო კავშირში იქნება სახელისუფლებო ორგანოებთან. ამოსავალი წერტილი ასოციაციის არსებობის და ფუნქციონირების არის თვითმმართველობა და თვითრეგულირება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო ორგანოებისგან გამიჯნული იყოს, ასე ვთქვათ, ეს ასოციაცია და არ იყოს მასზე დამოკიდებული - არც რესურსების თვალსაზრისით, კონფორმიზმითაც არ უნდა იყოს დაკავებული ასოციაცია, იმიტომ რომ სხვაგვარად მაშინ თავის ძირითად ფუნქციებს ვერ შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაცია დარჩეს დამოუკიდებელი თავისი საქმიანობის განსახორციელებლად და ყველა ადვოკატს ჰქონდეს თავისუფლად თავისი არჩევანის გაკეთების და საქმიანობის შესაძლებლობა",- აღნიშნა ანა რეხვიაშვილმა.

2025 წლის 13-14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება. მმართველი ორგანოების არჩევნები 14 დეკემბერს არის დაგეგმილი. სიფა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ერთვება, ორგანიზაცია საბჭოებსა და კომისიებში 19 კანდიდატს წარადგენს. როგორც თავად ამბობენ, სიფა-ს მიზანია შეიქმნას გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიურად და არა ერთპიროვნულად. ორგანიზაცია არ წარადგენს თავმჯდომარეობის კანდიდატურას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები