მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შედის დემპინგის შესახებ განაცხადები კონკურენციის სააგენტოში? - ლექვინაძის განმარტება

631b1bccef711
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.22 15:00
604
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების შემდეგ, სააგენტოში დემპინგთან დაკავშირებით არც ერთი განაცხადი არ შესულა. ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი შეფასებით, დემპინგის შესახებ კანონმდებლობის არსებობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ თუ ადგილობრივი ინდუსტრია პრობლემას სვამს დემპინგთან დაკავშირებით, მას უნდა ჰქონდეს ბერკეტი შესაბამისი მოქმედება მოახდინოს. ირაკლი ლექვინაძემ ის ფაქტორები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, სააგენტოს არც ერთი სექტორიდან დემპინგთან დაკავშირებით განაცხადი არ მიუღია.

„ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა და ჩვენ ვართ მისი აღმასრულებელი უწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა ინდუსტრიასთან, რომელიც იყო კრიტიკული და თვლიდა, რომ მათთვის დემპინგი პრობლემა იყო, თუმცა აღნიშნული კანონმდებლობის მიღების შემდეგ არც ერთი განაცხადი კონკურენციის სააგენტოში არ შემოსულა. თუ განაცხადი არ შემოვიდა, კონკურენციის სააგენტო სხვაგვარად მოკვლევის პროცესს ვერ დაიწყებს.

ჩვენ ამას რამდენიმე შემთხვევას ვუკავშირებთ: პირველი - ამ კანონმდებლობამ გარკვეულწილად პრევენციული როლი შეასრულა, იმპორტიორების ნაწილმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილიყო და მათ ამ მიმართულებით მომჩივანი არ ჰყოლოდათ; მეორე - მსოფლიო ბაზარზე კონიუნქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის კრიტიკული სექტორები, როგორიცაა მძიმე ინდუსტრია, სამშენებლო მასალების წარმოება, მათ შორის ცემენტი, ასევე აგრარული მეურნეობის პროდუქტები - მსოფლიო ბაზარზე აბსოლუტურად შეცვლილი ვითარებაა, ფასები გაზრდილია და მათ თუ ეს პრობლემა წლების წინ, მათ შორის პანდემიამდე აწუხებდათ, დღეს ეს საკითხი ასეთი აქტუალური არ არის“, - განმარტა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1 ივნისიდან უფლებამოსილია ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები