2018 წლის 10 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2000-მდე მოქალაქეს ეთქვა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
კერძოდ, 2014 წელს საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 71 მოქალაქე, 2015 წელს - 298, 2016 წელს - 30, 2017 წელს - 100, ხოლო 2018 წლის ათ თვეში კი - 1,911.
აღსანიშნავია, რომ ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ხოლო ოქტომბერში - ირანის 429 მოქალაქეს ეთქვა უარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე ხშირი და ძირითადი მიზეზი საბუთების წესრიგში არქონაა.
გახარიას უწყების არგუმენტებს არ იზიარებს საქართველოში მყოფი ირანელი ბიზნესმენების ნაწილი, მათი იურისტები და ასევე, ტურისტული ბიზნესის ზოგიერთი ქართველი წარმომადგენელი.
Bm.ge-თან საუბარში ისინი აცხადებენ, რომ ხშირად პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს, რადგან ირანის ყველა მოქალაქემ არ იცის ინგლისური. მათი რეკომენდაციაა, რომ საზღვარზე სპარსული ენის თარჯიმანი იყოს.
გარდა ამისა, ირანელი ინვესტორების ნაწილს და მათ ქართველ პარტნიორებს ეჭვი აქვთ, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოში პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.