მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უნდა გადადოთ მიწის რეგისტრაცია 2027 წლამდე - იურისტის რჩევები მესაკუთრეებს

თამარ გოჩელაშვილი

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით მიმდინარეობს, ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების გაფორმება ვერ შეძლეს, რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდეა.

რა სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას და რა ნაბიჯები უნდა გადადგან მოქალაქეებმა საკუთრების დასაცავად? ამ თემაზე გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში საადვოკატო ბიურო "გოჩელაშვილი და პარტნიორების" მმართველმა პარტნიორმა, თამარ გოჩელაშვილმა ისაუბრა და მესაკუთრეებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა.

იურისტის განმარტებით, მიმდინარე რეფორმა მიწის რეგისტრაციის სისტემატიზაციასა და მონაცემების მოწესრიგებას ემსახურება. მან დეტალურად განმარტა ის კატეგორიები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა ეხება და ხაზი სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის წახალისების მნიშვნელობას გაუსვა.

"დღეს მოქმედი სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შესახებ კანონი კი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის სრული სისტემატიზაცია მოხდეს. ნაკვეთები ზუსტად უნდა აღირიცხოს თანამედროვე გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და საჯარო რეესტრში დაცული მონაცემები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს რეალობასთან.

მოქმედი კანონი, ისევე როგორც მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტები, ორ ძირითად კატეგორიას მოიცავს: ეს არის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწა. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ფუნქცია სწორედ ამ ნაკვეთების რეგისტრაციის მაქსიმალური წახალისებაა, რათა მფლობელებმა საკუთრება ოფიციალურად გაიფორმონ", - განაცხადა გოჩელაშვილმა.

იურისტი მოქალაქეებს ურჩევს, ნუ დაელოდებიან 2027 წლის 1 იანვრის მოახლოებას და დროულად უზრუნველყონ საკუთრების სამართლებრივი დარეგისტრირება: "უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან წარმოიშობა. ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთს უშუალოდ ფლობთ და სარგებლობთ, არ ნიშნავს, რომ მისი სამართლებრივად განკარგვა შეგიძლიათ. სათანადო რეგისტრაციის გარეშე ნებისმიერ ფლობას იურიდიული და სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება".

თამარ გოჩელაშვილმა ერთმანეთისგან გამიჯნა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის პროცესები და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებს დიდ შეღავათს უქმნის.

"სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთების აზომვას, საჭირო დოკუმენტების მოძიებასა და რეგისტრაციას ყოველგვარი საფასურის გარეშე. რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ის მოქალაქეების უშუალო ინიციატივითა და ხარჯებით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სისტემური რეგისტრაციის დაახლოებით 95% უკვე შესრულებულია და საჯარო რეესტრში მილიონ-ნახევარზე მეტი ახალი მესაკუთრეა რეგისტრირებული", - ამბობს თამარ გოჩელაშვილი.

იურისტის თქმით, მიუხედავად კონკრეტული ვადებისა, სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრების უფლებას არ ართმევს, რადგან ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. სისტემური რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგაც ძალაში რჩება "ფიზიკურ პირთა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონი. თუმცა, ქონების სრულფასოვანი სამართლებრივი დაცვისთვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დაზუსტებული მონაცემების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები