სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, საქართველოში FARA-ს პირდაპირი კოპირების მიზანია „რუსულ კანონზე“ უფრო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმების დაწესება. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში რატომ არ ვრცელდება FARA მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებზე.
"ქართული ოცნების" პარლამენტი ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (Foreign Agents Registration Act (FARA) შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, FARA-ს ნებისმიერი გონივრული განმარტების პირობებში, ასეთი ორგანიზაციები კანონის რეგულირების სფეროს მიღმა უნდა დარჩნენ.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები FARA-ს „აგენტის“ დეფინიციაში იმიტომაც ვერ მოექცევიან, რომ ისინი მრავალფეროვანი წყაროებიდან დაფინანსების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს − რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსების შესახებ. სასამართლო საქმეებიც, რომლებიც FARA-ს ამა თუ იმ ასპექტის კონსტიტუციურობას განიხილავდა, ადასტურებს, რომ კანონს ვიწრო მიზანი და რეგულირების სფერო აქვს. FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
SJC-ის განცხადებითვე, ეს კანონი ამერიკული სამართალში სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად აღსრულდება. ჩვენს რეალობაში კი FARA-ს ტრანსპლანტაცია შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებს და პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან.
"როგორ ჩანს, „ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება, კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს", - წერია SJC-ის მომზადებულ შეფასებაში.




























