Gvelebiani Law-ის დამფუძნებელი პარტნიორის, ჯაბა გველებიანის შეფასებით, არასათანადო ინფორმირებულობას უკავშირდება ის, რომ საგადასახადო თუ სხვა შეღავათების მიუხედავად, ბიზნესის ნაწილი ჩრდილოვან ეკონომიკაში დარჩენას ამჯობინებს.
მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაინფორიმირებულობის და მზარდი რეგულაციების პირობებში, ჩნდება გაურკვევლობა და შიში, რაც ბიზნესის რეგისტრაციის მოტივაციას ამცირებს.
"ბუნებრივია, შეგვიძლია ვისაუბროთ ეს ბენეფიტები და მოტივაციები, რაც არსებობს არის თუ არა ეფექტური, თუმცა მეორეა, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის პოპულარიზაცია. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ძალიან ხშირად არის ინფორმაციის ნაკლებობა და ზოგადად, შიში შეიძლება იყოს ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, ბიზნესი რომ გავაოფიციალურო მერე რისი გაკეთება მიწევს. ეს გასაგები შიშია, რადგან ბიზნესის ოფიციალურად მართვა მარტივი არაა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია გარემო, რომელშიც ვართ. ბოლო 5 წელია ახალი რეგულაციების გამწვავების ეტაპზე ვართ, ბევრი კანონი შეიცვალა, ბევრი სფერო დარეგულირდა. როდესაც რეგულაციები ემატება, ეს ამცირებს მიზიდულობას, რომ ბიზნესის ფორმა მიიღოს რაღაც საქმიანობამ. ამიტომ, ინფორმირებულობის გაზრდა და იმ ინიციატივების ხელშეწყობა, რაც ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ჯაბა გველებიანმა.
საქსტატის შეფასებით, ჩრდილოვან ეკონომიკა, ანუ დაუკვირვივებადი ეკონომიკა, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ეკონომიკის 13.6%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.




























