Porsche ლეგენდარული წარსულისა და აწმყოს მქონე ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ინჟინრული თვალსაზრისით ყველაზე დახვეწილი ავტომობილების შემოქმედად ითვლება. ამ ბრენდის მიღმა ავსტრიელი ინჟინერი ფერდინანდ პორშე დგას, რომელსაც რამდენიმე რევოლუციური დიზაინი ეკუთვნის.
მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სერიული ელექტრომობილი სწორედ პორშეს მიერ შექმნილი P1 ფაეტონი იყო, რომელიც 5 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 35 კილომეტრ-საათ სიჩქარემდე ჩქარდებოდა. ელექტრომობილს ერთი დამუხტვით დაახლოებით 80 კილომეტრის გავლა შეეძლო, რას 1898 წელს რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. პორშეს კალამს ეკუთვნის 1920 წლისათვის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავტომობილის, Mercedes-Benz SS-ის დიზაინიც.
გასაოცარი ინჟინრული ნიჭის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ პორშე ისტორიის არასწორ მხარეს იდგა. ის ნაცისტური პარტიის წევრი და ადოლფ ჰიტლერის რჩეული დიზაინერი იყო.
ჰიტლერის დაკვეთით პორშემ გერმანიის არმიისთვის ათამდე ტანკი და ჯავშანტექნიკა შექმნა. თუკი სამხედრო ექსპერტებს დავუჯერებთ, ფერდინანდი ტანკების წარმოებაშიც ისეთი რევოლუციური იყო, როგორც ავტომობილების შექმნაში.
აგრეთვე, ჰიტლერის უშუალო ბრძანებით, ფერდინანდ პორშემ გერმანიის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ავტომობილი, Volkswagen Beetle, იგივე "ხოჭო" შექმნა, რომელიც შემდგომ უკვე ლეგენდარული 911-ის ფუნდამენტად იქცა.
რეალურად, პირველი Porsche, რომელიც 1931 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ გამოუშვა, Type 64 იყო, რომელიც VW Beetle-ის მოდიფიცირებულ და სწრაფ ვერსიას წარმოადგენდა. თავისი არსით, თანამედროვე 911 სწორედ Beetle ევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს.
ცხოვრების განმავლობაში ფერდინანდ პორშემ ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ელექტრომობილი, ყველაზე მოთხოვნადი ბიუჯეტური ავტომობილი, მაღალეფექტიანი საბრძოლო ტანკი, სპორტული ავტომობილი და ავტომწარმოებელი კომპანია შექმნა, რომელიც დღემდე ინდუსტრიის ეტალონად ითვლება. სწორედ ამ მიღწევების გათვალისწინებით, ფერდინანდ პორშე ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ტექლიდერად.