უძრავი ქონების სექტორი წლებია რეალტორების ლიცენზირების საჭიროებაზე საუბრობს. როგორც "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტმა ვაჟა მებაღიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, 2014 წლიდან ისინი რეგულარულად მოითხოვენ ამ საკითხის მოგვარებას. მან რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რის გამოც რეალტორების ლიცენზირების საჭიროება დგას:
უპირველესად, იგი მიიჩნევს, რომ მომხმარებელი მეტად დაცული იქნება. ამასთან, ფიქრობს, რომ ლიცენზირება ხელს შეუწყობს, კვალიფიციური რეაქტორების გაჩენას, რომლებიც ინვესტორთან ქვეყნის წარდგენას უკეთესად შეძლებენ.
"რეგულირებას ბევრი წელია ვითხოვთ, რადგან გვინდა პროფესიონალ ადამიანს ვითანამშრომლოთ - გვიყვარს ჩვენი პროფესია და გვინდა დარგში მომუშავე ადამიანები განათლებულები იყვნენ. როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ დარგში ისე შემოვიდეს,რომ არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდეს, ეს რა თქმა უნდა ცუდია.
გარდა ამისა, ყველაზე საყურადსაღებო მომხმარებლების უფლებებია, რადგან მასთან სახლში მიდის ადამიანი, რომელიც ეუბნება, რომ უძრავი ქონების ადენტია და ამ დროს, შესაძლოა ის კრიმინალი იყოს, მომხმარებელი კი მის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს.
ასევე, თუ საინვესტიციო გარემოზე ვისაუბრებთ, როდესაც ინვესტორი ჩამოდის, ეკონომიკის მინისტრი ხომ არ მოჰკიდებს ხელს და პროექტებზე ატარებს, ის დაჰყავს უძრავი ქონების აგენტს ან ბროკერს და შესაბამისად, პროფესიონალი უფრო წარადგენს თავის ქვეყანას და მის საინვესტიციო გარემოს უფრო კარგად დაუხატავს, ვიდრე არაპროფესიონალი, - პირობითად ადამიანი, რომელმაც გუშინ გადაწყვიტა, რომ უძრავი ქონების სფეროში ერკვევა, დადო ორი განცხადება რომელიღაც პორტალზე და ხვალ თქვენს სახლში უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა მან.
ვაჟა მებაღიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მათ შეხვედრა ჰქონდათ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ყოფილ ბიზნესომბუდსმენთან, რომლისგანაც რჩევა მიიღეს, რომ თვითონ ყოფილიყვნენ თვითრეგულირებადი.
„ბიზნესომბუდსმენის წყალობით, გვქონდა შეხვედრები ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და საინტერესო შეხვედრა იყო, თუმცა ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა.
რჩევა, რაც წინა ბიზნესომბუდსმენისგან მივიღეთ, იყო „ეცადეთ თვითრეგულირებადი იყოთო“ და ამ კუთხით ასოციაციის ფარგლებში ვცდილობთ თვითრეგულირებადი გავხდეთ, თუმცა ეს ხელს იმაში მიშლის, რომ ჩვენი კომპანია დიპლომატიურ კორპუსზე და საელჩოებზე მუშაობს და ამ დროს როდესაც ვიღაც ფეიკ-განცხადებებს დებს და ასეთი, ალბათ, 250 კომპანია არსებობს არასწორ მოლოდინებს უჩენს დამქირავებელს ან ინვესტორს, რაც სფეროს და ქვეყნის რეპუტაციას აფუჭებს და ეკონომიკაზეც ნეგატიურად აისახება“, - განაცხადა მან.
ვაჟა მებაღიშვილმა, განმარტა რომ ასოციაციას 70 ქვეყანაზე და მილიონ 800 000 წევრზე აქვს წვდომა, რაც მისი თქმით, საინვესტიციოდ ძალიან კარგია, რადგან როდესაც დასავლეთიდან ინვესტორზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აქ სანდო პარტნიორი დახვდეს.