"რომ არ არსებობდეს დისტრიბუტორთა რგოლი, რა გართულდებოდა" - BMGTV-ის ეთერში "ანალიტიკას" წამყვანის ამ კითხვას საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე პასუხობს.
როგორც ის აღნიშნავს, სადისტრიბუციო ბიზნესი ამცირებს ხარჯს, რომელიც სავაჭრო ქსელმა პროდუქტის იმპორტისთვის უნდა გასწიოს.
"ჩვენი რგოლი რომ არ არსებობდეს - ყველა ადგილობრივი მწარმოებლისთვის იმდენად რთულია ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა და დაკავშირებულია ბევრად მეტ ხარჯთან, ვიდრე ის, რომ ითანამშრომლოს დისტრიბუტორთან. ეს ცალსახაა და ყველა ცდილობს, რომ გამოყოს დისტრიბუცია. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში, ამ ეტაპისთვის, წარმოება არ გვაქვს, ძალიან მცირეა ქართული წარმოება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცენტები ყოველწლიურად გაიზრდება და ყველა მოქალაქე თუ ნებისმიერი საჯარო მოხელე თუ კერძო პირი, ამას ხელს უნდა უწყობდეს.
რეალურად, სადისტრიბუციო კომპანიები ახორციელებენ იმპორტს საზღვარგარეთიდან - იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს პროდუქტი - და იმპორტირებულს აწვდის საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს. აქ რომ ამოვარდეს სადისტრიბუციო რგოლი, მაშინ ქსელმა თვითონვე უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის ჩამოტანა და რეალიზება, რასაც აკეთებს, უბრალოდ იმ მასშტაბს ვერ ქმნის, რომ დააკმაყოფილოს მოსახლეობისგან მოთხოვნა. ყველას აქვს ლოგისტიკური ცენტრის შექმნის სურვილი, არაერთი ქსელი ცდილობს ამას წლების განმავლობაში, მაგრამ ამ შედეგამდე ჯერ ვერ მივიდნენ, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული პროცესია, ტექნიკური კუთხითაც და ადამიანური რესურსიც საკმაოდ დიდი სჭირდება", - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში სურსათის ფასების ზრდაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში პროდუქტები ძვირდება, რადგან მარკეტებს და, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებს მაღალი ფასნამატი აქვთ. კობახიძემ განაცხადა, რომ რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რათა "თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ".




























