ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს და 2016 წელს აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევას ეყრდნობა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ მსგავსი დაავადებების გამომწვევი მიზეზი ძირითადად დახურულ სივრცეში არსებული ჰაერის დაბინძურებაა:
"ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ის ფაქტი, რომ 111-ე ვართ 180-დან, უდიდესი პრობლემაა და უნდა მოვუაროთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და საწვავის ხარისხის კონტროლით.
მაგრამ რაც შეეხება საქართველოს მე-3 ადგილს მსოფლიოში, ზოგადად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მიხედვით, ამ თემაზე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს დაავადებები არის ძირითადად დახურულ სივრცეში, შენობებს შიგნით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული: 1. გასათბობად შეშის გამოყენების და 2. თამბაქოს წევის გამო.
შესაბამისად, ქვეყნის გაზიფიკაციის დასრულება და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება 1 მაისიდან "თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი შენობების" მიმართულებით - არის ის ორი რეალური გზა, რომელიც ჩვენს ათასობით თანამემამულეს გადაარჩენს ნაადრევი და მტანჯველი სიკდილისგან”, - წერს აკაკი ზოიძე საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

























