Dow Jones-ის საფონდო ინდექსი, რომელიც 30 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს, პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ ინდექს-ფონდად ითვლება, სადაც მხოლოდ საუკეთესო კომპანიები იყრიან თავს.
25 წლის განმავლობაში Intel-ი Dow Jones-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა მიმდინარე კვირას მისი ადგილი ჯენსენ ჰუანგის მიერ დაფუძნებულმა Nvidia-მ დაიკავა, რომელიც ბოლო პერიოდის საუკეთესო შედეგის მქონე კომპანიაა.
5-წლიან პერიოდში Intel-ის საბაზრო შეფასება 60%-ითაა შემცირებული და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $100 მილიარდს შეადგენს. საპირწონედ ამისა, Nvidia-ს აქციების ღირებულება 2,500%-ით გაიზარდა და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად 3 ტრილიონ 320 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ის Intel-ზე 33-ჯერ დიდია.
Nvidia-ს მიერ Intel-ის ჩანაცვლება შეგვიძლია სმარტფონების ბაზარზე Apple-ის მიერ Nokia-ს ჩამოქვეითებას შევადაროთ, რადგან ორივე შემთხვევაში საუკეთესომ გაიმარჯვა და ის კომპანია გაიზარდა, რომელიც უკეთეს პროდუქტს ქმნიდა.
Nvidia არა მარტო უკეთეს, არამედ საუკეთესო პროდუქტს ქმნის, რადგან გლობალური AI-ინდუსტრიის 80%-ზე მეტი სწორედ Nvidia-ს მიერ შექმნილ პროცესორებზე და გრაფიკულ ბარათებზე მოდის. შეიძლება ითქვას, რომ AI-პროცესორების მიმართულებით Nvidia-ს მონოპოლია აქვს და სწორედ ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც Intel-ს ასეთი ცუდი პერიოდი დაუდგა.