მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჭიანურდება გზების მშენებლობის დასრულება? - განმარტება

632d616de1841
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.22 11:15
986
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში კონკრეტული საგზაო პროექტების გაჭიანურების მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უფრო მეტი პრობლემები კონტრაქტორებთან მიმართებით ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე იქმნება, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობას კონტრაქტორების გამო არაერთი პრობლემა შეექმნა. გიორგი წერეთელი ასევე საუბრობს ბათუმის შემოვლითი გზის კონტრაქტორ კომპანია JV “Polatyol & Mapa”-ზე, რომელსაც ზედამხედველმა შესაბამისი წერილობით გაფრთხილება უკვე მისცა. ეს პროექტი 2021 წლის 31 დეკემბერს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო.

ურჩი კონტრაქტორების გარდა, გიორგი წერეთელი საუბრობს სხვა მიზეზებზე, რომლებიც გზების მშენებლობის გაჭიანურებას იწვევენ. ესენია საინჟინრო სირთულეები, რომელთა გამოც კონკრეტული პროექტების ცვლილება ხდება.

“ყველაზე მეტი გამოწვევა იყო ის, რომ კონტრაქტორებმა მათზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს და სამწუხაროდ, დეპარტამენტს მოუწია როგორც პირველ, ასევე მეორე და მესამე მონაკვეთებზე კონტრაქტის გაწყვეტა და შესაბამისად, ახალი პროცედურების დაწყება, ახალი კონტრაქტების გაფორმება. 

ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზაზე სუსტი პროგრესი აქვს კომპანიას. მას შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა, მას აქვს კონტრაქტის პირობითაც ვადები, რომ ეს პროგრესი გამოასწოროს და დაეწიოს ჩამორჩენილ სამუშაოებს, რომელიც აქვს. ვნახოთ, ველოდებით. სუსტი პროგრესის მიზეზხი ალბათ გარკვეულწილად არის ფინანსური რესურსები, რომელიც კომპანიას გააჩნია, ფინანსების უქონლობა. ველოდებით ჩვენც მათ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ იმოქმედებენ. შეასრულებენ თუ არა იმ ვალდებულებებს, რაც მათ წერილით და შესაბამისი შეტყობინებით მიუვიდათ მათ საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ. თუ არ შეასრულებენ, ჩვენ კონტრაქტის შესაბამისად ვიმოქმედებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

არის კონტრაქტები, სადაც გვჭირდება ტექნოლოგიური ცვლილებების შეტანა პროექტებში და ამაზე გადაწყვეტილებების მიღება. ეს ხდება ხოლმე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში. 2020-2021 წლებში რთული ვითარება იყო, თუმცა არცერთი პროექტი არ გაჩერდა. რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ ჩვენ იმ გეგმებსა და ვადებში, რასაც ყოველთვის ვაცხადებდით რომ 2022 წელს გარკვეული მონაკვეთები დასრულდებოდა და 2023 წელს სრულად რიკოთის მონაკვეთი დასრულებული იქნებოდა, ამ გეგმებში ვრჩებით და მივყვებით. კიდევ ვიმეორებ, არის გარკვეული სუბიექტური და ობიექტური გარემოებები რომელთა გამოც პროექტებს და უფრო მეტად ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებს ექმნებათ პრობლემები და გვიწევს გადავადებები და ვადის გაგრძელება,”- განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთლის განცხადებით, ამჟამად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სიგრძე 460 კილომეტრია, მისი სიგრძე 430-მდე მცირდება. ამასთან 209 კილომეტრის გზა უკვე ექსპლოატაციაშია შესული, ხოლო 118 კილომეტრზე კი მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, 2023-ისთვის რიკოთის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობა უკვე დასრულდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები