შეტყობინებების პოპულარული აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან საფრანგეთში ჩაფრინდა.
საფრანგეთის უწყებებს დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ Telegram-ის დამფუძნებელი სწორედ აპლიკაციასთან დაკავშირებული კრიმინალის გამო დააკავეს.
კერძოდ, დუროვს ბრალი ედება Telegram პლატფორმის კრიმინალური მიზნებით გამოყენების აღმოფხვრისთვის საჭირო ზომების მიუღებლობაში. DW ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დუროვის წინააღმდეგ ფრანგულმა უწყებებმა დაკავების ორდერი მას შემდეგ გასცეს, რაც არასრულწლოვნებზე ძალადობის, თაღლითობის, ნარკოტიკების გაყიდვის, კიბერბულინგისა და სხვა ორგანიზებული კრიმინალის, მათ შორის ტერორიზმის, შემთხვევების გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, დუროვმა იცოდა, რომ ის საფრანგეთის მასშტაბით იძებნებოდა. მედიის ცნობით, დუროვს გამოძიება Telegram-ზე მოდერატორების სიმწირეზე ედავება.
Telegram-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სოციალური ქსელია, რომელიც პოპულარობით ისეთი აპლიკაციების გვერდითაა, როგორებიცაა Facebook, YouTube, WhatsApp და სხვა. პლატფორმის პოპულარობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთში, უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Telegram-ი კონფლიქტის გარშემო არსებული სანდო და გაუფილტრავი ინფორმაციის მთავარი წყარო გახდა, თუმცა ქსელში დეზინფორმაციასაც ბევრს შეხვდებით. ზოგიერთი წყარო Telegram-ს ბრძოლის ვირტუალურ ველად მოიაზრებს, სადაც უკრაინისა და რუსეთის მთავრობებს საინფორმაციო ომი აქვთ გაჩაღებული.
დიდი გავლენის მიუხედავად, Telegram-ი ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ის ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ესპანეთში, აკრძალულია.
ვინ არის პაველ დუროვი?
რუსეთში დაბადებულმა პაველ დუროვმა Telegram-ი 2013 წელს, ძმასთან ერთად შექმნა. ერთი წლის შემდეგ დუროვს სამშობლოს დატოვება მოუწია, რადგან რუსეთის მთავრობამ VKontakte-ის პლატფორმაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ასევე დუროვია, ოპოზიციური არხების დახურვა მოსთხოვა. დუროვმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და რუსეთი დატოვა, მოგვიანებით კი VKontakte-ს წილი გაყიდა.
რუსეთის დატოვების შემდეგ დუროვი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ერჩივნა თავისუფალი ყოფილიყო, ვიდრე ვინმეს ბრძანებები შეესრულებინა.
რუსულმა მარეგულირებელმა, როსკომნადზორმა, 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით Telegram-ის დაბლოკვა, IP მისამართის დაბლოკვით სცადა, თუმცა აპლიკაციას მუშაობა არ შეუწყვეტია. მაშინ მთავრობა დუროვს Telegram-ის მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური ინფორმაციის გადაცემას სთხოვდა და პლატფორმის დამფუძნებელს ტერორიზმის ხელშეწყობას ედავებოდა. ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, 2020 წელს, რუსეთში Telegram-ზე აკრძალვა მოიხსნა.
დუროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ის 2021 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა. ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობაც აქვს. 39 წლის დუროვის ქონება, Forbes-ის შეფასებით, 15.5 მილიარდი დოლარია.
Tass-ის ინფორმაციით, დუროვის დაკავებისთანავე საფრანგეთში რუსეთის საელჩომ სიტუაციაში გასარკვევად მუშაობა დაიწყო. Telegram-ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქსელია, რომელსაც არა მხოლოდ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, არამედ პოლიტიკური მესიჯბოქსების გასავრცელებლადაც იყენებენ.
პაველ დუროვი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.