ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის დაკისრებული 13 მილიონი ლარის საქმეზე განმარტებებს bm.ge-თან ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხომერიკი აკეთებს.
სოციალური მომსახურების სააგენტომ 159 კლინიკას გამოვლენილი დარღვევების შედეგად ბიუჯეტში 13 მილიონი ლარის დაბრუნება დააკისრა.
„2018 წლის ნოემბრის თვეში გამოცხადებული იყო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის დაკისრებული ჯარიმის ადმინისტრირების თაობაზე მორატორიუმი. ეს ნიშნავს იმას, რომ მათზე დაკისრებული საჯარიმო სანქციები კონტროლისა და რევიზიის ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების გამო გარკვეულწილად დაკავებას არ ექვემდებარებოდა.
პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების კუთხით საკმაოდ მაღალი ციფრი იყო. 30 მილიონის ფარგლებში იყო, თუმცა მორატორიუმის მიმდინარეობის პერიოდში მოხდა გადახედვა როგორც დაკისრებული საჯარიმო სანქციის, ასევე ადმინისტრირების წესის. რეალურად პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, ამბულატიურიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები,გათავისუფლდნენ დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან.
მათ განესაზღვრათ მხოლოდ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება. საუბარია ჯამში 13 მილიონ ლარზე.
ეს არის შემთხვევები, როცა გამოვლინდა კონტროლის ეტაპზე ბენეფიციართა რეგისტრაციის წესის დარღვევა. პირველადი ჯანდაცვის ცენტრში მიმართვისას ბენეფიციარი რეგისტრირდება მათი თანხმობის საფუძველზე. 2014 წლის 1 აპრილამდე იყო ბენეფიციართა თანხმობის ფორმა, შემდგომ გაჩნდა მკაცრი აღრიცხვის ფორმა, სადაც აუცილებელია ბენეფიციარმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს პროგრამაში ჩართვა, ამ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრირდება.
კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ არ იყო არც მკაცრი აღრიცხვის ფორმები, არც მოსარგებლეთა თანხმობის ფორმები 2014 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული ბენეფიციარების შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში, არ ემთხვეოდა პროგრამულად მოწოდბული ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო მონაცემები რეგისტრირებულ მონაცემებს.
13 მილიონი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი იმ შემთხვევებზე, სადაც რეგისტრაციის პროცესი იყო დარღვეული“, - განმარტავს მაია ხომერიკი.

























