ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 15-16 ივლისს სირიაზე იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიზანში დრუზებით დასახლებული სუვეიდას პროვინცია ამოიღო. თუმცა არა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის, არამედ სირიული სამხედრო ინფრასტრუქტურის დასაბომბად. შეტევები დედაქალაქ დამასკოზეც განხორციელდა.
ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ სამხედრო მოქმედებები დრუზი მოსახლეობის დაცვის საჭიროებით ახსნა. ამასთან, შეტევის მიზეზად ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობების სიახლოვეს სირიელი სამხედროების მობილიზების საფრთხე დასახელდა. დამასკოში მდებარე თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სათაო ოფისის დაბომბვა სწორედ ამით აიხსნება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ისრაელს ამ მასშტაბის სამხედრო მოქმედებები სირიაში აღარ განუხორციელებია. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებისადმი გაფრთხილებების გაგზავნის დრო ამოიწურა და ახლა ქმედითი ნაბიჯების დროა.
ისრაელის პირველი დიპლომატის ეს სიტყვები, სავარაუდოდ, ძალისმიერი მოქმედებების გახშირებას მოასწავებს. ნეთანიაჰუს ხელისუფლება ალ შარაას მთავრობას დეკემბრიდან აფრთხილებდა და გოლანის სიმაღლეებისგან თავის შორს დაჭერას და უმცირესობაში მყოფი დრუზების უფლებების დაცვას სთხოვდა.
1981 წლიდან მოყოლებული, სირიის ტერიტორიად აღიარებულ გოლანის მაღლობებს ისრაელი აკონტროლებს. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, არცერთ ხელისუფალს არ დაუთმია ეს ტერიტორია. ასადების რეჟიმის გადაგდებისა და ახალი ხელისუფლების მოსვლის ფონზე, ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ ანექსირებული ტერიტორიის დემილიტარიზებულ, ბუფერულ ზონად ქცევაზე მუშაობა გააძლიერა. სავარაუდოდ, ისრაელი ამ პროცესს კვლავ გააგრძელებს.

























