ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი მორიგ შარში გაეხვია, მის მფლობელობაში არსებული ჰოლდინგის, Adani Group-ის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც ბიზნესმენს და მის კომპანიას თაღლითობასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.
სასამართლოში საქმის აღძვრის სიახლე ინვესტორებმა იმდენად უარყოფითად მიიღეს, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Adani Group-ში შემავალი კომპანიების ჯამური შეფასება 27 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც ჰოლდინგის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ინდოელ ბიზნესმენს თაღლითობაში ადანაშაულებენ, მანამდე, 2023 წელს, Forbes-ის რეიტინგში ის მეორე ადგილს იკავებდა და პირველობასაც უმიზნებდა. თვალისმომჭრელი აღმასვლის შემდეგ, ადანის არანაკლებ სანახაობრივი კოლაფსი მოუწია, რადგან სულ რაღაც ორ კვირაში Adani Group-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 100 მილიარდი დოლარის კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს, თავად ადანის ქონების შეფასება კი 80 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ აქტივისტ ინვესტორთა ჯგუფმა, Hindenburg Research-მა ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, რომ ადანის ბიზნესიმპერია სიცრუესა და კორუფციაზე იდგა, რასაც Adani Group-ის კაპიტალიზაციის შემცირება მოჰყვა.
ზოგადად, Hindenburg-ის ძირითადი დანიშნულება კორპორაციული თაღლითობის გამოვლენა და იდენტიფიცირებული კომპანიების მიმართ short პოზიციების გახსნაა, ანუ საფონდო ბირჟაზე მათ წინააღმდეგ ფსონის დადება. როგორც ახლა ირკვევა, ადანის წინააღმდეგ დადებული ფსონით Hindenburg-მა 4 მილიონი დოლარის ფინანსური სარგებელი მიიღო, რაც დიდი არაფერია იმ ზარალთან შედარებით, რომელიც კომპანიამ ადანის ჰოლდინგს მიაყენა, კერძოდ, საუბარია $100-მილიარდიან დანაკარგზე.
Hindenburg-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აქტიურად არღვევდნენ ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტებს; შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები გაყალბებული იყო; აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ხელოვნურად იყო გაზრდილი; დივიდენდები არა აქციონერებზე, არამედ ადანის ოჯახის წევრებზე რეგისტრირებულ ოფშორულ ფონდებზე ნაწილდება; ვალდებულებებისა და აქტივების შეფარდება რამდენიმეჯერ აჭარბებს ინდუსტრიის სტანდარტს; ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებად და მენეჯერებად მხოლოდ ადანის ნათესავები და ახლო მეგობრები ინიშნებოდნენ; სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებების პრაქტიკა აჩენდა კითხვის ნიშნებს და რაც მთავარია, ჰოლდინგის აქტივები ხშირად არარეალისტურად, საბაზრო ღირებულებაზე ასჯერ უფრო ძვირადაც იყო შეფასებული.
ბრალდებებზე საპასუხოდ Adani Group-მა 400-გვერდიანი ანგარიში მოამზადა, სადაც რელევანტური დოკუმენტაცია, ინვოისები, ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ადანის ჰოლდინგმა Hindenburg-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც მანიპულაციაზე, ცილისწამებაზე და მონაცემების გაყალბებაზე იყო საუბარი.
Hindenburg-ის კეთილსინდისიერებას დროებით რომ შევეშვათ, ადანის გამდიდრების ისტორიასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი აქამდეც ყოფილა, რაც სწორედ მისი დაუჯერებელი წარმატებით იყო განპირობებული. ადანის წარმოუდგენელი ტემპით გამდიდრება რიგი ფაქტორებით იყო განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების, კერძოდ, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გაძვირება იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი. მიუხედავად საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელისა, ადანის უმთავრეს შემოსავლის წყაროს ენერგორესურსები წარმოადგენს.
Adani Group-ი მსოფლიოს უმსხვილესი ქვანახშირის მომპოვებელი კერძო კომპანიაა, რომელიც ინდოეთის მასშტაბით 60-მდე საბადოს აკონტროლებს. ადანის კომპანიის კოლოსალურ მასშტაბებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ Adani Group-ზე ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული გლობალური ემისიების თითქმის 3% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუტამ ადანის მფლობელობაში არსებული კონგლომერატი უფრო მეტად აბინძურებს დედამიწას, ვიდრე სახელმწიფოების სრული უმრავლესობა.
გლობალური ბიზნესიმპერიის შექმნამდე, ადანი ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საქონლის იმპორტით და ექსპორტით იყო დაკავებული. მცირე ბიზნესი რამდენიმე წელიწადში საკმაოდ მაღალშემოსავლიან კომპანიად, Adani Enterprise-ად იქცა.
ადანის წარმატების რეალური ისტორია 1990-იან წლებში ინდოეთში მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების დაწყებას უკავშირდება. პირადი კონტაქტებისა და, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებების წყალობით, მთავრობის პრივატიზაციის პოლიტიკა ზედმიწევნით ზუსტად მოერგო ადანის კომპანიის ინტერესებს და რამდენიმე წელიწადში მისი მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. 2000 წლიდან გაუტამ ადანის კავშირები მთავრობის წევრებთან მნიშვნელოვნად გამყარდა, ამის პარალელურად კი გაიზარდა Adani Group-ის მიერ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების სიხშირე.
ადანის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ კაპიტალად პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან არსებული მჭიდრო კავშირი უნდა ჩაითვალოს. კარიერული და პოლიტიკური კრიზისის დროს, ადანიმ სერიოზული მატერიალური და რეპუტაციული მხარდაჭერა გაუწია მოდის, რის გამოც ის დღემდე ადანის მთავარ მოკავშირედ რჩება.
მილიარდერების რეიტინგში ადანის გამოჩენა პირდაპირ კავშირშია 2014 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრად მოდის არჩევასთან. მას შემდეგ, Adani Group-ის გაფართოების ტემპი არნახული ტემპით გაიზარდა, ჰოლდინგის ქვეშ მოქცეული შვილობილი კომპანიების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების ტენდენცია კი საეჭვოდან აშკარა მიკერძოებაში გადაიზარდა.
ბუნებრივია, Adani Group-ის ინვესტორებს კარგად ესმით, რომ ადანის წარმატების ისტორია სამთავრობო კავშირებით და სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებითაა განპირობებული, თუმცა Hindenburg-ის ანალიტიკოსებმა ნათელი ადანის ბიზნესიმპერიის იმ ბნელ მხარესაც მოფინეს, რომლის არსებობის შესახებაც მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, კვლევითი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა გაუტამ ადანის ტახტიდან ჩამოსაგდებად. ამჯერად, როგორც ჩანს, ბრალდების მხარე არა უბრალოდ აქტივისტ ინვესტორთა გაერთიანება, არამედ ამერიკის პროკურატურაა, რაც საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს.