მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

Volvo

შვედური ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, Volvo-ს აქციები ევროპულ საფონდო ბირჟაზე 27%-ით დაეცა. როგორც ირკვევა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კონცერნმა დააანონსა, რომ ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების მკვეთრი შემცირებისა და აშშ-ის სავაჭრო ბარიერების ფონზე, დამატებით 2,500 თანამშრომელს დაითხოვს.

როგორც ირკვევა, შტატების შემცირება ძირითადად შეეხება შვედეთში მომუშავე პერსონალს, რაც კომპანიის გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება კომპანიას 5 მილიარდ შვედურ კრონას ($504 მლნ.) დაუზოგავს.

აღსანიშნავია, რომ ახალი გეგმა ადრე დაწყებული რესტრუქტურიზაციის პროცესის ნაწილია. მის ფარგლებში კომპანიამ უკვე 3,000 სამუშაო ადგილი გააუქმა.

საყურადღებოა, რომ ჩინური მწარმოებლების მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში, მსგავსი შემცირებებით ხარჯების ოპტიმიზაციას გერმანული გიგანტები, Volkswagen-ი და BMW-ც ცდილობენ.

თავად Volvo-მ მესამე კვარტალში 5.6 მილიარდი შვედური კრონის ($564 მლნ.) საოპერაციო ზარალი დააფიქსირა და ანალიტიკოსების წინასწარ მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, შექმნილი კრიზისის მთავარ მიზეზად იქცა ჩინეთის ბაზარი, სადაც შვედური ბრენდის მიწოდება მესამე კვარტალში 40%-ზე მეტით შემცირდა. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ ჩინეთში ადგილობრივმა ბრენდებმა ელექტრომობილების სეგმენტში პოზიციები მკვეთრად გაიმყარეს. ამას დაემატა მომხმარებელთა ხარჯვითი კრიზისიც, რამაც მთლიან ინდუსტრიაზე უარყოფითად იმოქმედა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმა Bloomberg Television-თან ინტერვიუში განაცხადა, ჩინეთში დასავლეთში შექმნილი ავტომობილების გაყიდვის შესაძლებლობა „პრაქტიკულად აღარ არსებობს“. ამას გარდა, მან თქვა, რომ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე აშშ-ის მიერ დაწესებულმა სავაჭრო ტარიფებმა და ადგილობრივი სუბსიდიების გაუქმებამაც მძიმე გავლენა იქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები