მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაგროვდა მარნეულში პროდუქცია? - "ჯიბეს" განმარტება

5ea157d93fc28
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 14:00
2072
რეგიონებიდან აგრო-სასურსათო პროდუქტების გამოტანაზე პასუხისმგებელი კომპანია „ჯიბე“ გუშინ, მარნეულში, ადგილობრივების მიერ ბოსტნეულის დაგროვებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და იმ მიზეზს განმარტავს, რომლის გამოც რეგიონიდან დროულად ვერ მოხდა სურსათის ტრანსპორტირება.

BM.GE-სთან საუბრისას „ჯიბეს“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა სააღდგომო დღესასწაულებზე დასვენების დღეების გამო შეიქმნა, თუმცა ეს პრობლემა ახლა უკვე აღარ შეიქნება.

„სააღდგომო დღეებში, მაშინ როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ჩვენც შევაჩერეთ პროდუქციის გამოტანა სამი დღის განმავლობაში და ეს იყო მიზეზი ადგილობრივებში ბოსტნეულის დაგროვებისა და შემდეგ უკვე საპროტესტო აქციების. ამ შაბათ-კვირას და შემდგომშიც პროდუქციის გამოტანა რაიონებიდან შეუფერხებლად მოხდება და ანალოგიური მდგომარეობა აღარ შეიქნება“, - განმარტა სანდრო კახიძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ სურსათის ნაწილი გუშინვე გამოიტანა.

„გუშინაც განვახორციელეთ პროდუქციის გამოტანა მარნეულიდან, დღეს კიდევ 5 ტრაილერი მიდის, რომელსაც დაახლოებით 100 ტონამდე ტვირთის წამოღება შეუძლია. რაც დავიწყეთ პროდუქციის გამოტანა მარნეულიდან მხოლოდ გხელებიდან გამოგვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზატორებმაც დაგვირეკეს, ჩვენ მათ არ ვეხებით.

2 სოფელი იყო გუშინ, სადაც ეს გამოსვლები დაიწყო, თუმცა წინა კვირაში ამ სოფლიდანაც განხორციელდა პროდუქციის გადმოტვირთვა.

ამ დროისთვის დაახლოებით 170 ტონამდე პროდუქტი გვაქვს წამოღებული, დღეს კიდევ 100 ტონას წამოვიღებთ“, - განაცხადა „ჯიბეს“ კომერციულმა დირექტორმა.

კითხვაზე არის თუ არა ისეთი მოთხოვნა, რომ დაგროვილი პროდუქტის დროული რეალიზაცია მოხდეს და პროდუქტი არ გაფუჭდეს, სანდრო კახიძე პასუხობს, რომ „ჯიბემ“ პროდუქციის ნაწილი თავის რეგიონალურ ქსელში გადააგზავნა.

„იმისთვის, რომ პროდუქცია დროულად გაიყიდოს და არ გაფუჭდეს, ახლა შემოტანილი აგრო-სასურსათო პროდუქტი ჩვენს რეგიონულ ქსელებში - იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში გადავუშვით, სადაც გაიყიდება.

რაც შეეხება რითეილერებს, საცალო გაყიდვის ქსელებიდან შეკვეთებს ვიღებთ, მათი ნაწილი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან. ამის შესაბამისად ხდება რეალიზაცია. შემოგვეხმიანნენ უბნის პატარა ხილ-ბოსტნის მაღაზიებიც, რომელთა ნაწილს ჩვენ მივუტანეთ ადგილზე, ზოგმა კი წაიღო“, - განაცხადა სანდრო კახიძემ.

„ჯიბეს“ ამ ეტაპისთვის მარნეულის გარდა, აგრო-სასურსათო პროდუქცია მცხეთა-მთიანეთიდან და გორის რაიონიდან გამოაქვს, ხოლო მიმდინრე კვირიდან სხვა რეგიონებიც დაემატება.

„ახლა უნდა დავიწყოთ სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან პროდუქტის ტრანსპორტირება, ამ კვირაში მოხდება ლაგოდეხიდან კიტრის ჩამოტანა, ხოლო თვის ბოლოსთვის თელავიდან და ყვარლიდან მარწყვის პირველ პარტიებსაც გამოვიტანთ. ვინც გვირეკავს და გვეხმიანება ცხელ ხაზზე იქნება ეს, ჩემთან პირადად თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავლით, ყველას შესაბამისად ვეხმიანებით“, - აღნიშნავს სადრო კახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები