მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიწუნეს დუგლაძეების ღვინო რუსეთში? - ქართველი მეღვინე „როსკაჩესტვოს“ ანტირეიტინგს ეხმაურება

6065c43328401
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.21 23:30
1530
„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ დუგლაძე „როსკაჩესტვოს“ ანტირეიტინგში მათი წარმოების რამდენიმე დასახელების ღვინის მოხვედრას რუსეთის ბაზარზე დარგში მოქმედი კომპანიების პირად ინტერესებს უკავშირებს.

ზაალ დუგლაძე BM.GE-სთან საუბრისას კონკრეტულ კონკურენტ კომპანიას, რომელსაც ამის ინტერესი აქვს, ჯერჯერობით ვერ ასახელებს და ამბობს, რომ კომპანია ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას პარტნიორებთან ერთად დაიწყებს.

„ოფიციალურად სახელმწიფოს მხრიდან ერთი ბოთლი არ დაწუნებულა. ეს არის კერძო დეგუსტატორების მიერ დაწუნებული. მათ შექმნეს ხარისხის კონტროლის კომპანია. ჩვენს ღვინოებს საქართველოშიც და საექსპორტო კომპანიაშიც აქვთ გავლილი დახასიათება, შესაბამისად საუბარია რუსეთის რამდენიმე სომელიეზე, რომელიც ღვინოებს აგემოვნებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი გემოვნების მიხედვით ანიჭებს ხარისხს, მაგრამ ეს აბსოლუტური სიცრუეა. ამდენი წლის განმავლობაში 30 ქვეყანაში ვყიდით ღვინოს და არცერთ ქვეყანაში ჩვენი ღვინო არ დაუწუნებიათ.

გემოვნური თვისებებით დაიწუნეს, რაც 100%-ით პირადი ინტერესებიდან გამომდინარეა. სხვანაირად კონკურენციას ვერ უძლებენ და ჰგონიათ, რომ ძლიერ კომპანიას თუ რაღაცით ავნებენ ამით წარმატებულები გახდებიან. ვიცი, რომ ძალიან მალე ამ საკითხს გავარკვევთ“, - განაცხადა ზაალ დუგლაძემ.

მისი თქმით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხარისხის დეპარტამენტში და საწარმოში ინახება ნიმუშები, რომლებიც დუგლაძის ღვინოების ხარისხიანობას ადასტურებს. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ექსპორტამდე ღვინოები ლაბორატორიულ შემოწმებას გადიან.

„ვიღაც ამბობს, რომ მათი გემოვნების მიხედვით არ მოსწონთ ღვინო, მაშინ უნდა დააკონკრეტონ რატომ არ მოსწონთ. ასეთი შემთხვევები პირველად არ ხდება, თუმცა ამხელა რეზონანსი აქამდე ამ ფაქტებს არ ჰქონიათ“, - უთხრა BM.GE-ის ზაალ დუგლაძემ.

მისივე თქმით, კომპანია რუსეთის ბაზარზე წლიურად 8 მლნ-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

ცნობისთვის, 30 მარტს რუსეთის არაკომერციულმა ორგანიზაცია „როსკაჩესტვამ“ ღვინოების ანტირეიტინგი გამოაქვეყნა, რომლშიც დუგალაძეების 3 დასახელების და მუზარადის ერთი დასახელების ღვინოც მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები