საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. სააგენტოს უფროსის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:
- ავერსი: 14,402,425 ლარი;
- გეფა - ჯიპისი ფარმადეპო: 20,349,336 ლარი;
- პსპ: 17,094,872 ლარი;
- მერმისი: 951,301 ლარი.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიებმა 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) სახელმწიფო ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული წამლების მიწოდებისთვის წარადგინეს თეთრების სიზუსტით ანალოგიური ფასი, რაც კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაზე მეტყველებს.
ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმების მიზეზების შესახებ ისაუბრა კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის ჯგუფის უფროსმა გიორგი ქედელიძემ. მისი თქმით, ამ ჯარიმას კომპანიებისთვის პრევენციული სახე უნდა ჰქონდეს.
“სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას, თუმცა წლიური ლიმიტი არის 25,000 ლარი ერთ პაციენტზე. ეს მოიცავს მედიკამენტებს და სხვა ჩარევებს. კომპანიების მიერ ადგილი არ ჰქონდა საფასო კონკურენციას, რათა მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონოდა უკეთ აეთვისებინა 25,000 ლარის ლიმიტი. შესაბამისად, შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა სახელმწიფო ხარჯების არაეფექტიანად ათვისებას.
ამასთან, განვმარტავთ, რომ ონკოლოგიური მედიკამენტები გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ფასებით და ამ მხრივ დიდ თანხებზე არის საუბარი. ფასების ფიქსაცია ხდებოდა თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზეც. ამ ჯარიმას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, რათა არც ამ ბაზარზე და არც სხვა ბაზარზე არ მოხდეს შეთანხმებული ფასებით მოქმედების გამეორება,"- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
"სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:
• 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;
• 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;
• 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით
ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს,"- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.