მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დატოვა 2006 წელს ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი?

5cfa43af3ff60
დავით ჯალაღონია
07.06.19 14:56
2218
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვისა და შემდეგ ამ პროცესში მთავრობის როლის შესახებ პარლამენტში, სადაც ეკონომიკის მინისტრის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს, დებატები გაიმართა.

ოპოზიციის შენიშვნების მოსმენის შემდეგ ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ იმ დეპუტატების გასაგონად, რომლებიც 2006 წელს ხელისუფლებაში იყვნენ, კითხვები დასვა.

"როდის შემოიყვანეთ ეს ინვესტორი (ჭიათურაში) და რა ვალდებულებები ჰქონდა თავის დროზე აღებული და რა ვალდებულებებით მოვიდა დღემდე? თაღლითობა იყო ის, რომ 2006 წელს გააკოტრეთ ჭიათურ–მანგანუმი და 125 მილიონად გაყიდეთ, თუ არ ვცდები ზესტაფონის ფერო, ჭიათურ–მანგანუმი და „ვარციხე ჰესი“ და დღეს საუბრობთ ეკოლოგიაზე, როცა არანაირი ვალდებულება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩაგიდიათ.

რაც შეეხება მაღაროელების თემას, სად იყავით მაშინ, როცა 2012 წლამდე დაშინებულები ხმას ვერ იღებდნენ და ამ ადამიანებს დღეს თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცათ?!", – განაცხადა მახათაძემ და ამასთან, მინისტრს ჰკითხა, რა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აპირებს ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ სამომავლოდ მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას ისევ არ მიმართონ.

ვიდრე, მინისტრი პასუხს გასცემდა, სულხან მახათაძის კითხვას ფრაქცია "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძე გამოეხმაურა და ნათია თურნავას გაახსენა, რომ 2006 წელს ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

"2006 წელს კორუფციული გარიგება იყოო (ამბობს სულხან მახათაძე). თქვენ მაშინ მინისტრის მოადგილე იყავით და ეთანხმებით ამ განცხადებას? ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ 2006 წელს მოხდა კომპანიის ხელოვნურად გაკოტრება, სერიოზული ბრალდებაა ხომ? მაშინ ქალბატონი ნათია იყო მინისტრის მოადგილე და იქნებ გაგვაგებინოთ, ქალბატონი ნათია, არის თუ არა პასუხისმგებელი ამ საკითხზე, ან იქნებ არ ეთანხმება? დაადანაშაულა (დეპუტატმა მინისტრი) ფაქტიურად იმაში, რომ კომპანია გააკოტრა", – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე პასუხად ნათია თურნავამ 2006 წელს მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

"დიახ, სწორია, მე სხვადასხვა მთავრობის პირობებში ვმუშაობდი ეკონომიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე, თუმცა ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს საქმეს და არა – კონკრეტულ პიროვნებებსა და მთავრობებს. 2006 წელს მე წამოვედი მაგ თანამდებობიდან და ჩემი წამოსვლის ერთ–ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ არც ჩემი ადგილი იყო ისეთ ეკონომიკის სამინისტროში, რადაც ის გადაიქცა 2006 წელს და არც, ეჭვი მაქვს, იმდროინდელ მინისტრებს ექნებოდათ სურვილი იქ ჩემთან თანამშრომლობისა, რადგან სამინისტრო, რომელიც 2004 და 2005 წლებში სხვადასხვა მინისტრის ხელმძღვანელობით, მათ შორის კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების სათავეში იდგა, შემდეგ გადაიქცა ტერიტორის მანქანის ჭანჭიკად ბიზნესის მიმართ. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არა როგორც მინისტრის ყოფილი მოადგილე, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა.

მე არ გამიკვირდება, თუ ასეთი რამ იმ პერიოდში ხდებოდა, მათ შორის, მსხვილი საწარმოების მიმართ, რადგან მსხვილი საწარმოები იყო ერთ–ერთი სამიზნე", – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" 3200-ზე მეტი თანამშრომელი რამდენიმეკვირიანი გაფიცვის შემდეგ 27 მაისს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 1 ივნისიდან მათი ხელფასი 25%-ით გაიზარდა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი, 10%-ით გაიზრდება.

ცნობისთვის: სოციალური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების გარდა მაღაროელები ხელფასების 50%-ით მატებას ითხოვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები