მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენის, ილონ მასკის ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული კომპანია xAI კიდევ ორმა დამფუძნებელმა წევრმა დატოვა. საუბარია ჯიმი ბასა და ტონი ვუზე, AI-ზე მომუშავე სპეციალისტებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს Grok-ის, როგორც ChatGPT-ს კონკურენტი ხელოვნური ინტელექტის მოდელის შექმნაში.
მათ მასკთან ერთად კომპანია 3 წლის წინ დააფუძნეს და იმედოვნებდნენ, რომ შექმნიდნენ ისეთ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს, რომელიც გაცილებით ნაკლები ხარჯებით დიდ კონკურენციას გაუწევდა Google-ისა და OpenAI-ს AI მოდელებს. როგორც ირკვევა, თანადამფუძნებლების წასვლის მთავარი მიზეზი მილიარდერის მხრიდან მათზე გაზრდილი წნეხი აღმოჩნდა.
მასკი ბასა და ვუსგან მოითხოვდა, რომ უფრო მეტი გაეკეთებინათ, რათა ChatGPT-სთან, Claude-თან თუ Gemini-სთან არსებული ჩამორჩენა მინიმუმამდე შეემცირებინათ და Grok-ი უფრო მოთხოვნადი გაეხადათ.
საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში მსგავს ვითარებაზე AI სპეციალისტებს არაფერი უთქვამთ, თუმცა, როგორც Financial Times-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, მასკმა მათი საქმიანობა ზედმეტი წნეხითა და არარეალისტური მოთხოვნებით გაუსაძლისი გახადა. შესაბამისად, ერთადერთი არჩევანი xAI-ს დატოვება იყო. სტარტაპიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯიმი ბამ და ტონი ვუმ ილონ მასკს 3-წლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რას გეგმავენ მომავალში ან აქვთ თუ არა შემოთავაზება რომელიმე სხვა კომპანიისაგან.
აღსანიშნავია, რომ ორი თანადამფუძნებლის წასვლა დროში ემთხვევა ილონ მასკის მიერ xAI-ს SpaceX-თან შერწყმას, რის შემდეგაც კოსმოსური და ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიების შერწყმით მიღებული ახალი ფირმის შეფასება $1.25 ტრილიონამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, დამფუძნებელი 12 წევრიდან კიდევ ორის წასვლამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც აქციონერების განწყობაზე, ისე SpaceX-ისს დაანონსებულ გასვლაზე საფონდო ბირჟაზე. თუ ინვესტორებს არ ექნებათ რწმენა, რომ SpaceX-ის საფარქვეშ მყოფი Grok-ი დიდი მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს, შემცირდება იმ თანხების მოცულობა, რასაც IPO-დან მასკი მოელის. როგორც ცნობილია, ინვესტორებს არ უყვართ გაურკვევლობა, განსაკუთრებით კი იმის ნიშნები, რომ კომპანიას განვითარების რესურსი არ აქვს. სავარაუდოა, რომ მასკს Grok-ისთვის ახალი სპეციალისტების დაქირავება მოუწევს, რაც სამუშაო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.




























